
მეცნიერებმა სამყაროს ასაკი კიდევ ერთხელ დააზუსტეს
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა სამყაროს მინიმალური ასაკი დაადგინა, რისთვისაც ირმის ნახტომის უძველესი ვარსკვლავები გააანალიზეს. შედეგებმა დაადასტურა აქამდე არსებული შეფასება -13,8 მილიარდი წელი, რაც სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელთან სრულ შესაბამისობაშია.
კვლევა პორტსმუთის უნივერსიტეტის სპეციალისტების ხელმძღვანელობით ჩატარდა. სამყაროს ასაკის დამოუკიდებლად შესაფასებლად მეცნიერებმა უძველესი ვარსკვლავები გამოიყენეს, როგორც ერთგვარი კოსმოსური „ნამარხები“, რომელთა საშუალებითაც კოსმოსის ადრეული ისტორიის აღდგენაა შესაძლებელი.
ნაშრომის ავტორებმა შეაგროვეს მონაცემები 247 000 სუბგიგანტის შესახებ - ესაა ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთი ევოლუციის ძირითადი ეტაპი უკვე დაასრულეს. მონაცემების დაკალიბრებისა და ხარისხის შემოწმების შემდეგ, საბოლოო შერჩევაში 155 600 ობიექტი შევიდა.
გამოთვლებმა აჩვენა, რომ ყველაზე ძველი შესწავლილი ვარსკვლავის ასაკი დაახლოებით 13,73 მილიარდ წელს შეადგენს. ამ მაჩვენებელს მეცნიერებმა დაახლოებით 200 მილიონი წელი დაუმატეს, რაც, თანამედროვე წარმოდგენებით, დიდი აფეთქების შემდეგ პირველი ვარსკვლავების გაჩენას დასჭირდა. შედეგი სამყაროს საყოველთაოდ აღიარებულ ასაკს - დაახლოებით 13,8 მილიარდ წელს დაემთხვა.
იმედი
წყარო: imedinews.ge