
მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება
ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო. მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.
მან აღნიშნული მედიკამენტის გარშემო მიმდინარე პროცესზე ისაუბრა.
„მაგალითად, მაისის ბოლოს, 28 მაისს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, რომელსაც ევროპული სააგენტოს დასტური ჰქონდა, თუმცა, კვლევები კიდევ მიმდინარე იყო.
დიუშენთან დაკავშირებული პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება, ცვლილებაც საკმაოდ ბევრია და ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდება ამ პროცესებს. მაისის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი.
ცოტა უფრო ადრე „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით უარყოფითი იყო საფრანგეთის გადაწყვეტილება და ხარჯის და სარგებლის თანაფარდობაზე იყო ხაზი გასმული. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ივლისში დანიამ სათანადო მტკიცებულებების არქონის გამო უარი განაცხადა და თავი შეიკავა ამ მედიკამენტის დანერგვისგან.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე იმიტომ, რომ საუბარია ძვირადღირებულ მედიკამენტზე, რომელიც მეცნიერებისთვის ჯერ უცნობია, პრაქტიკულად, ახალია. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გასაგებია სიფრთხილე.
მე ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო იტალიურ მხარეს, რომელთანაც გვქონდა მოლაპარაკებები ამ ხნის განმავლობაში და რომელთანაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ძალიან კარგი, კონსტრუქციული თანამშრომლობა წარიმართა. მათ შორის, მათ ვესაუბრებით, რომ ყველა სიახლესთან დაკავშირებით, რომელიც ამ იმპლემენტაციის პროცესის თანმხლები იქნება, ბუნებრივია, თანამშრომლობის გაგრძელება მოგვიწევს.
ძალიან სწრაფად, აგვისტოშივე გვექნება შესაძლებლობა, რომ იმპლემენტაციის პროცესის განხორციელებაზე ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა. ეს გულისხმობს პროტოკოლების, წესების მომზადებას, სათანადო კლინიკური ბაზის, მონიტორინგის, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც აუცილებელია მედიკამენტების იმპლემენტაციისთვის”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი შეფასებით, სიფრთხილის მიუხედავად, ეს არის გაბედული გადაწყვეტილება.
„ნამდვილად მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება”, - აღნიშნა მინისტრმა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშკრულება გაფორმებულია.
იმედი
წყარო: imedinews.ge