
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში აუცილებლად უნდა გამკაცრდეს საწარმოების კონტროლი, რადგან სხვა შემთხვევაში, ვერ მივიღებთ შედეგს, რომელიც რუსთავის ეკოლოგიასა და მომავალს სჭირდება
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ იმსჯელეს. სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.
კომიტეტის ხელმძღვანელის მაია ბითაძისა და წევრების წინაშე, გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტანენტების წარმომადგენლებმა.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ კი სიტყვით გამოსვლისას, იმ ეკოლოგიური პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელებსაც ქალაქის მერია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს.
„საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, დღეს კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ ქალაქის ეკოლოგიაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ჯერ კიდევ გვაქვს. რუსთავში აუცილებლად უნდა გამკაცრდეს საწარმოების კონტროლი, რადგან სხვა შემთხვევაში, ვერ მივიღებთ შედეგს, რომელიც რუსთავის ეკოლოგიასა და მომავალს სჭირდება. დღეს საქართველოს მთავრობა და არსებული კანონმდებლობა გვაძლევს რესურსს, რომ რუსთავის ისტორიული გამოწვევა დავძლიოთ. ჩვენ კიდევ უფრო ქმედითად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს შესაძლებლობა, რეალურ შედეგად ვაქციოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძე.
რუსთავში ამ ეტაპზე მიმდინარე ეკოლოგიური პროექტებიდან ყველაზე მასშტაბური ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანებაა, რომელსაც მუნიციპალიტეტი, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
რუსთავი პირველი ქალაქია საქართველოში, საიდანაც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი - „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ქალაქის შემოსასვლელში და საბავშვო ბაღების ტერიტორიებზე უკვე 1000 ძირი ხე-მცენარე დაირგა.
