
ნინო თანდილაშვილი: თელავში ერთი თვის განმავლობაში რაც მოდის ნალექი, იმ რაოდენობის დაახლოებით 85% მოვიდა ძალიან მოკლე პერიოდში - ინფრასტრუქტურულმა საპრევენციო დამცავმა ნაგებობამ თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა და ამ ღვარცოფული მასის საკმაოდ დიდი ნაწილი შეაკავა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება არის აქტიურად ჩართული იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ პროცესში ასევე ჩართულები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ აქტიურად მონაწილეობენ ამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებში სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თელავში 12 ივლისის ღამეს განვითარებული სტიქიის შესახებ საუბრისას.
მან ასევე განმარტა, კონკრეტულად რა პროცესი განვითარდა თელავში.
„იყო საკმაოდ უხვი ნალექი. ქალაქ თელავში ერთი თვის განმავლობაში რაც მოდის ნალექი, იმ რაოდენობის დაახლოებით 85% მოვიდა ძალიან მოკლე პერიოდში, რამაც ფაქტობრივად, გამოიწვია ის, რომ ასეთი მასშტაბური ღვარცოფული პროცესი განვითარდა.
საბოლოო ჯამში ინფრასტრუქტურულმა საპრევენციო დამცავმა ნაგებობამ თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა და ამ ღვარცოფული მასის საკმაოდ დიდი ნაწილი შეაკავა. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული მასა ჩამოვიდა ქალაქის ტერიტორიაზე და გამოიწვია ინფრასტრუქტურის დაზიანება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობენ და უახლოეს დღეებში ამ სტიქიური მოვლენის შეფასების საბოლოო დასკვნა მომზადდება.
ნინო თანდილაშვილმა ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების კუთხით არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა.
„ბატონმა პრემიერმა ისაუბრა, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების განვითარება, რომელიც განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს ბოლო ორი წლის განმავლობაში. ცნობილია, რომ ამ პროცესში შვეიცარიელი ექსპერტები გვყავს ჩართული და მათი მონაწილეობით მოხდა ყველა ცხელი წერტილის შეფასება, რამაც ჩვენ საშუალება მოცვა, რომ უკვე წელსვე დავიწყეთ რიგ ტერიტორიებზე თანამედროვე სისტემები განთავსება.
დღესდღეობით ქვეყნის მასშტაბით ჩვენ გვაქვს დაახლოებით 278 თანამედროვე ავტომატური სადგური, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მივიღოთ ინფორმაცია მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ. გვაქვს თანამედროვე რადარები, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოშია. კონკრეტულად კახეთის რეგიონში 28 ასეთი თანამედროვე ავტომატური სადგური მოქმედებს, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას მოსალოდნელი ნალექების თუ სტიქიური მოვლენების შესახებ და გვაძლევს ადრეული გაფრთხილების გავრცელების შესაძლებლობას. ამ სისტემების გაძლიერება და განვითარება გრძელდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესში ჩვენს ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩართულები არიან საერთაშორისო სპეციალისტები. მათი რეკომენდაციების საფუძველზე ხდება ამ თანამედროვე სისტემების განთავსება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტიანი იყოს ის მოსალოდნელი პროგნოზები და გაფრთხილებები, რომლებსაც ჩვენი ეროვნული მეტეოსამსახური გასცემს“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge