
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნთან“ ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა, „პარი სენ-ჟერმენმა“, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში სტუმრად ფრედ ითამაშა გერმანულ „ბაიერნთან“ და ტურნირის ფინალში გავიდა.
მიუნხენში გამართული შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა. სტუმართა შემადგენლობაში გოლით უსმან დემბელე გამოირჩა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით გაიტანა. მასპინძელთა მხრიდან კი თავი ჰარი კეინმა გამოიჩინა.
კვარაცხელია გახდა პირველი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც შედეგიანი მოქმედებით თავი გამოიჩინა ერთი ტურნირის ფარგლებში გამართულ პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო 15 მატჩში, გაიტანა 10 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა.
ნახევარფინალის პირველ მატჩში, რომელიც 28 აპრილს პარიზში გაიმართა, „პსჟ“-მ ანგარიშით 5:4 გაიმარჯვა. ამრიგად, ორმატჩიან დუელში ფრანგულმა კლუბმა საერთო ანგარიშით 6:5 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც ლონდონის „არსენალს“ შეხვდება. „მეთოფეებმა“ ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხეს (1:1, 1:0).
„პსჟ“ ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია.
„არსენალი“ თავის ისტორიაში მეორედ გავიდა ტურნირის ფინალში. პირველად „მეთოფეებმა“ მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩს 2005/06 წლების სეზონში მიაღწიეს, სადაც ესპანურ „ბარსელონასთან“ დამარცხდნენ (1:2).
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება.
