
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს - კომისია დასკვნას 1 მაისს წარადგენს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესები განიხილეს.
„ბოლო პერიოდში ენერგორესურსებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ფაქტორებით არის გამოწვეული - კერძოდ, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარებით. შესაბამისად, ბოლო ორი თვის განმავლობაში ენერგორესურსებზე ფასებმა მნიშვნელოვნად აიწია და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. აღნიშნულ კრიზისამდე საქართველოში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასები იყო საწვავზე, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან შედარებით. საქართველოში საწვავის ფასების ზრდა მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა სხდომის დასაწყისში.
სხდომაზე მოწვეული კომპანიების: „გალფ ჯორჯია“, „ვისოლ ჯგუფი“, „რომპეტროლ საქართველო“, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“, „ლუკოილ ჯორჯია“, „ქონექთ ჯორჯია“ და საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია წარადგინეს და კაპიტალურ, საოპერაციო ხარჯებზე, ასევე საბიუჯეტო გადასახადებზე ისაუბრეს.
როგორც მათ აღნიშნეს, საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა და საწვავის ფასები საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, იმპორტირებული პროდუქციის ქვეყანაში შემოტანისას საწვავის ფასს საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული გადასახადები - დამატებული ღირებულების და აქციზის გადასახადები, ლოგისტიკის, დისტრიბუციისა და საბანკო მომსახურების ხარჯები ემატება, რაც საწვავის საბოლოო ფასს წარმოქმნის. შესაბამისად, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, კომპანიების წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს. მათი თქმით, ნავთობპროდუქტების ინდუსტრია ყველაზე მაღალკონკურენტუნარიანი ბიზნესია და კომპანიები საწვავის ფასებს კონკურენტული გარემოს შესაბამისად ადგენენ.
