
პატრიარქი შიო მესამე: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი ეკლესიის წინაშე. მრავალი წლის განმავლობაში იგი სიყვარულითა და რუდუნებით ქმნიდა პატრიარქ ილია II-ის ფოტომატიანეს. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივრებს უსამძიმრებს.
„დიდია ყველას გულისტკივილი გამორჩეული ფოტოხელოვანისა და ღირსეული პიროვნების, ბატონი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.
სამშობლოსა და საქმისადმი სიყვარული გამოსჭვივის მის ყველა ფოტოში, რომელთაც მან თითქოს სული შთაბერა და ჩვენი ქვეყნის უნიკალურ მატიანედ აქცია. თითოეული კადრით მან თაობებს შემოუნახა მთელი ეპოქა – საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები და ადამიანები, ეთნოგრაფიული ყოფა, ბუნება, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა.
აღსანიშნავია მისი ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მრავალი წლის განმავლობაში იგი სიყვარულითა და რუდუნებით ქმნიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ფოტომატიანეს. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი.
მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი ბადრის გარდაცვალების გამო. ღმერთმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა, ნუგეში და ძალა მისთვის ლოცვისა“, - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.
ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში 14 აგვისტოს გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge