
POLITICO: აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ჩინეთში ჩასვლა სურს, თუმცა პეკინში მას არ ელოდებიან
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ჩინეთის მიმართ მკაცრი პოზიციით ცნობილ ელბრიჯ კოლბის სურს პეკინთან ურთიერთობების გაუმჯობესება ოფიციალური ვიზიტის გზით. თუმცა, ჩინეთის მთავრობა მკაფიოდ ეუბნება, რომ მას ქვეყანაში ჩასვლის სურვილი ამ ეტაპზე არ აქვს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კოლბი უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს ჩინეთის მთავრობისგან ოფიციალური მიწვევა მიიღოს, მათ შორის, თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სთხოვდა, საკითხი ჩინელ კოლეგებთან შეხვედრებისას დაეყენებინათ, თუმცა, ჯერჯერობით ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
წყაროების თქმით, პენტაგონის მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ჩინეთში ვიზიტი აუცილებელია ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის, რომლებიც გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიძაბა - მიზეზებს შორის იყო ურთიერთსაპასუხო ტარიფები, ექსპორტის შეზღუდვები და მზარდი დაპირისპირება ტაივანის სრუტესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სამხედრო აქტივობის გაძლიერების გამო.
თუმცა, კოლბის მცდელობა ასევე მისი პოზიციის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს. სწორედ ის მონაწილეობდა დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდში იმ სტრატეგიის შემუშავებაში, რომელმაც პეკინი შეერთებული შტატების მთავარ საფრთხედ განსაზღვრა.
„მისი მთავარი მიზანი ახლა ჩინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამოსვლაა და ის ყველას სთხოვს, შეხვედრებზე ეს საკითხი წამოჭრან. ის ამით შეპყრობილია“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
კოლბის უკმაყოფილება აჩვენებს, თუ როგორ გაართულა ადმინისტრაციის ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილებმა პეკინის მიმართ ისედაც მყიფე აშშ-ჩინეთის ურთიერთობები. მაგალითად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს „მეგობარი“ უწოდა, თუმცა ამავე დროს მას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი.
როგორც POLITICO წერს, ჩინეთის ხელისუფლება განსაკუთრებით უკმაყოფილოა ტაივანზე 11 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების გაყიდვის გამო, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დეკემბერში დაამტკიცა. ეს ფაქტორი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც პეკინი კოლბის მიმართ ცივ დამოკიდებულებას იჩენს, განაცხადა რენდი შრაივერმა, რომელიც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდში თავდაცვის მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.
შრაივერის თქმით, ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა მას გასულ თვეში განუცხადეს, რომ „ტაივანისთვის იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებულმა წინა გადაწყვეტილებამ“ შეაფერხა აშშ-ის წარმომადგენლის პეკინში მასპინძლობის გეგმები. თუმცა, ჩინეთის ხელისუფლება კვლავ ცდილობს დაგეგმოს როგორც კოლბის, ისე თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტის ვიზიტები.
შრაივერმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ჩინელმა მაღალჩინოსნებმა მას პეკინში ყოფნისას მიაწოდეს, სადაც ის აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმოხილვის კომისიის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა.
პენტაგონმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ჩინეთის საელჩომ კი განცხადებაში მხოლოდ ხაზი გაუსვა პეკინის პოზიციას ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგ.
კოლბის მიწვევასთან დაკავშირებით ჩინეთის თავშეკავებული დამოკიდებულება იმ დროს ვლინდება, როდესაც მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის თავდაცვის სფეროში უმაღლესი დონის ვიზიტები სულ უფრო იშვიათი ხდება. ჩინეთის არმიაში ამჟამად მასშტაბური წმენდა მიმდინარეობს, რის შედეგადაც თანამდებობები დატოვეს თავდაცვის ორმა ყოფილმა მინისტრმა, რამაც ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კომუნიკაცია კიდევ უფრო გაართულა, წერს გამოცემა.
ჰეგსეტს ჩინელ კოლეგებთან ისეთი ტიპის შეხვედრები არ ჰქონია, როგორიც ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში საერთაშორისო კონფერენციების ფარგლებში იმართებოდა. მისი მაისის ვიზიტი ჩინეთში ტრამპთან ერთად იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი 2018 წლის შემდეგ, როდესაც ჩინეთს ჯეიმს მატისი ეწვია. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისში წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო მოქმედებების საკითხზე დაბალი დონის კონსულტაციები მაინც გაიმართა.
იმედი
წყარო: imedinews.ge