
POLITICO: ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა ყოფილი ევროკომისრის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით
ბელგიის ხელისუფლებამ დაკავების ორდერი გასცა მიგრაციის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსის წინააღმდეგ „კატარგეიტის“ სკანდალთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO საბერძნეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კატარგეიტის“ სკანდალი 2022 წლის დეკემბერში, მას შემდეგ აგორდა, რაც ავრამოპულოსმა ევროკომისია დატოვა. ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკების სერია ჩაატარა, დააკავა მთავარი ეჭვმიტანილები და ამოიღო ნაღდი ფულით სავსე ჩანთები - ეს იყო ევროკავშირის ისტორიაში კორუფციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიება. ბრალდების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ევროპარლამენტთან დაკავშირებული პირები კატარის ინტერესების გატარების სანაცვლოდ ფულს ან საჩუქრებს იღებდნენ.
„ყოფილი ევროკომისარი ბრალდებულია დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაში. ხელისუფლება ამ საქმეს უკავშირებს იმ შემოსავალს, რომელიც მან სკანდალის ცენტრში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიიღო“, - განაცხადა საბერძნეთის ერთ-ერთმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა.
„ბელგიის ხელისუფლებამ ყოფილი ევროკომისარი ჩვენების მისაცემად თითქმის ერთი წლის წინ გამოიძახა, თუმცა ის არ გამოცხადდა“, - განაცხადა საბერძნეთის მეორე მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა.
ავრამოპულოსმა, რომელიც ამჟამად საბერძნეთის პარლამენტის წევრია და 2014-2019 წლებში მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის თანამდებობას იკავებდა, დაიკავა საპატიო საბჭოს წევრის პოსტი არასამთავრობო ორგანიზაცია Fight Impunity-ში. ავრამოპულოსმა ორგანიზაცია სკანდალის აგორებისთანავე დატოვა. ბელგიის ხელისუფლებამ ყოფილი კომისარი გასულ წელს ჩვენების მისაცემად გამოიძახა, თუმცა მან ეს მოთხოვნა არ შეასრულა.
იმედი
წყარო: imedinews.ge