
POLITICO: მელონი ენერგიის გაძვირების გამო ევროკავშირისგან ფისკალური წესების შემსუბუქებას ითხოვს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ევროკავშირისგან საბიუჯეტო წესების დამატებით მოქნილობას ითხოვს, რათა წევრმა ქვეყნებმა ენერგიის გაძვირებით გამოწვეული ინფლაციის ფონზე ოჯახებისა და ბიზნესის მხარდაჭერა შეძლონ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
მელონიმ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს. მისი თქმით, საკითხი მომდევნო კვირას ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების საბჭოს შეხვედრაზე უნდა განიხილონ და ორი კვირის შემდეგ ევროპულ საბჭოს სხდომაზე დაბრუნდნენ.
„მიგვაჩნია, რომ გლობალურად ენერგიის მაღალი ფასებით გამოწვეული ინფლაციის ზრდის პირობებში, აუცილებელია წევრ ქვეყნებს დამატებითი მოქნილობა მიეცეთ, რათა ოჯახებისა და ბიზნესის მხარდაჭერა შეძლონ“, - განაცხადა მელონიმ.
ევროპის ქვეყნებში ენერგიის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც Reuters-ის ცნობით, ირანში მიმდინარე ომით გამოწვეულ ენერგეტიკულ პრობლემებს უკავშირდება. ევროკავშირის ქვეყნებში შიშობენ, რომ ენერგიის გაძვირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება და ინფლაციურ წნეხს გააძლიერებს.
იტალიაში წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში 4,1%-ს მიაღწია, აგვისტოში არსებული 3,2%-ის შემდეგ.
მელონის განცხადებით, რომმა უკვე გამოიყენა ევროკავშირის საბიუჯეტო წესებით გათვალისწინებული ე.წ. „ეროვნული გამონაკლისის მექანიზმი“ ენერგიის ხარჯების შესამცირებლად. იტალია ორი წლის განმავლობაში კომპანიებისთვის ენერგიის ფასების შემცირებაზე დაახლოებით 14 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს.
ამასთან, იტალიის მთავრობა ევროკავშირისგან დამატებით ფისკალურ მოქნილობასაც ითხოვს. მელონის თქმით, ევროკავშირის მიერ დასაშვები დეფიციტის გამოთვლისას მიმდინარე პერიოდში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციაც უნდა იყოს გათვალისწინებული.
იტალიის ბიუჯეტის დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 3,1%-ს შეადგენდა. მთავრობის მიზანია, დეფიციტი 2026 წელს ევროკავშირის მიერ დადგენილ 3%-იან ზღვარს ქვემოთ ჩამოიყვანოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge