
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას ინკლუზიური განათლების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.
„ინკლუზიური განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რასაც ადასტურებს ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ ინკლუზიური განათლება უნდა იქცეს პედაგოგიურ სტანდარტად და გახდეს თანამედროვე პედაგოგიკის განუყოფელი ნაწილი.
გასულ წელს სამინისტროში შეიქმნა სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინკლუზიური პოლიტიკისა და სერვისების განვითარების პროცესში. არაერთი მხარდამჭერი მექანიზმის მიუხედავად, ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების დეფიციტი, განსაკუთრებით რეგიონებში. ასევე ყურადღებას საჭიროებს ასისტენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება.
ზემოხსენებული მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ როგორც საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარების, ისე პროფესიული მხარდაჭერის მოდელების გაძლიერებაზე. საჯარო დიალოგის ფარგლებში გაჟღერებული თითოეული ინიციატივა სამინისტროს მიერ დეტალურად დამუშავდა, ხოლო მათი მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელებისთვის უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რასაც ასახავს სამინისტროს 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
პროექტის ოთხთვიანი მიმდინარეობა თავის გამოსვლაში შეაჯამა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა. მან მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული საქმიანობისთვის.
