
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების ინსტიტუციური წევრია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების (EMS) ინსტიტუციური წევრი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება EMS-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა, სათათბირო სხდომაზე, ერთხმად მიიღო. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
„EMS-ის ინსტიტუციური წევრობა გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ევროპის მათემატიკურ საზოგადოებაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტეგრაციისთვის. პარტნიორობა გაზრდის უნივერსიტეტის ცნობადობას, მოიზიდავს უცხოელ მეცნიერებსა და მკვლევრებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების კიდევ უფრო გაძლიერებას. ამასთან, თანამშრომლობა კვლევით ცენტრს საშუალებას მისცემს, შექმნას ხელშემწყობი პირობები KIU-ს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და ფიზიკის სკოლების სტუდენტების მხარდასაჭერად.
ევროპის მათემატიკური საზოგადოება, რომლის ინსტიტუციური წევრები არიან ევროპის წამყვანი სამეცნიერო ცენტრები და ინსტიტუტები, წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო აკადემიურ-სამეცნიერო ორგანიზაციას. KIU გახდა რეგიონში პირველი უნივერსიტეტი, რომლის კვლევითმა ცენტრმა EMS-ის ინსტიტუციური წევრის სტატუსი მოიპოვა", - აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge