
ქუთაისში თანამედროვე სარეკრეაციო სივრცეებისა და პარკების მოწყობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ბულვარის მოწყობა. ასევე, პროექტირების ეტაპზეა ქუთაისის მრავალფუნქციური პარკი.
პროექტები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ელემენტების განთავსებასა და განათების სისტემის განახლებას.
ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 ჰექტარზე თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა, რომელიც ეკოლოგიურად მდგრად და მრავალფუნქციურ სარეკრეაციო სივრცედ ჩამოყალიბდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, სავარჯიშო ზონები, საფეხმავლო და ველობილიკები, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების სივრცეები. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, დეკორატიული ტბები და შადრევნები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტერიტორიის გამწვანებას ადგილობრივი სახეობის მცენარეებით.
პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომები, მათ შორის ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი სივრცეები, გარე განათების სისტემა, სარწყავი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.
სარეკრეაციო სივრცეები სრულად იქნება ადაპტირებული ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქალაქის სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.