
Reuters: აშშ კანადაში, გრენადაში, კამერუნში, იაპონიასა და ინდონეზიაში საკონსულოების დახურვას გეგმავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ საზღვარგარეთ ხუთი დიპლომატიური მისიის დახურვას გეგმავს, რაც ამერიკის გლობალური დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირების იშვიათი შემთხვევაა. ინფორმაციას Reuters-ი საკითხში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გასული კვირის ბოლოს კონგრესის რამდენიმე კომიტეტისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გეგმავს დახუროს მისიები სენტ-ჯორჯესში (გრენადა), ნაგოიაში (იაპონია), მედანში (ინდონეზია), დუალაში (კამერუნი) და ვინიპეგში (კანადა). წყაროებმა ანონიმურობის დაცვით ისაუბრეს, რადგან აღნიშნული შეტყობინება საჯარო არ არის.
დაგეგმილი დახურვები, რომელთა შესახებაც აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, წარმოადგენს იშვიათ მაგალითს, როდესაც აშშ ერთდროულად რამდენიმე უცხოურ მისიას ხურავს და ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ გეოპოლიტიკურ მოვლენას არ უკავშირდება, წერს Reuters-ი.
გასული წლის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობის პირველ თვეებში, სახელმწიფო დეპარტამენტმა თითქმის ათეული უცხოური მისიის დახურვისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ იმ პერიოდში Reuters-ი და სხვა მედიასაშუალებები იუწყებოდნენ. ეს „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის უფრო ფართო გეგმის ნაწილი იყო, რომელიც აშშ-ის ბიუროკრატიული სისტემის მისი პოლიტიკის - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - შესაბამისად გარდაქმნას ისახავდა მიზნად.
თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისი კიდევ უფრო მასშტაბურ გეგმას უჭერდა მხარს, რომელიც 30-მდე უცხოური მისიის დახურვას ითვალისწინებდა. ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი კერძო საუბრებში ამტკიცებდა, რომ მცირე ზომის დიპლომატიური მისიების ნაწილი არც აუცილებელია და არც ეკონომიკურად გამართლებული.
„დემოკრატები“ და საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროს ყოფილი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობების შემცირება, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფაქტობრივ დაშლასთან ერთად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარის დახმარებას გასცემდა, ამერიკის ლიდერის პოზიციებს დაასუსტებს და სახიფათო ვაკუუმს შექმნის, რომლის შევსებასაც ისეთი ქვეყნები შეეცდებიან, როგორიც ჩინეთი და რუსეთია.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ წელს მასშტაბური რეორგანიზაცია განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ათეულობით დეპარტამენტი და ასობით თანამშრომელი შეამცირა, მაშინ არცერთი უცხოური დიპლომატიური მისია არ დახურულა, აღნიშნულია სტატიაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge