
Reuters: აშშ-მა ხარკის კუნძულთან ირანული ტანკერი დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სპარსეთის ყურეში, ირანის ნავთობის ექსპორტის უმნიშვნელოვანეს ცენტრთან, ხარკის კუნძულთან ირანულ ტანკერს დაარტყა. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტანკერს ხარკის კუნძულის რეიდზე ოთხი ამერიკული რაკეტა მოხვდა. ადგილობრივების ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და გემის ეკიპაჟის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ირანის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას კი Reuters-ის მიერ კომენტარისთვის გაგზავნილ მოთხოვნაზე პასუხი ამ დროისთვის არ გაუცია.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 31 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთწინადადებიან პოსტში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ახლდა თან, განაცხადა, რომ ხარკის კუნძული „ნამსხვრევებად იქცევა“. ირანის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ კუნძულზე თავდასხმის შემთხვევაში მკაცრ პასუხს გასცემს.
ირანი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში (OPEC) ნავთობის მოპოვების მოცულობით მესამე ადგილზეა. ომამდე ირანი ნედლი ნავთობის ექსპორტის 90%-ს ხარკის კუნძულის გავლით ახორციელებდა, თუმცა ნაკადები მას შემდეგ შეფერხდა, რაც აპრილის შუა რიცხვებში აშშ-მა ირანის ნავთობის ექსპორტის საზღვაო ბლოკადა დაიწყო, წერს Reuters-ი.
იმედი
წყარო: imedinews.ge