
Reuters: ნეპალში წყალდიდობიდან 10 დღის შემდეგ, ჩინეთის მოქალაქე გვირაბიდან ცოცხალი გამოიყვანეს
ნეპალში ჩინეთის მოქალაქე გვირაბიდან ცოცხალი გამოიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მამაკაცი მაშველებმა იპოვეს 10 დღის შემდეგ, რაც ჰიმალაის ხეობაში ყინულის, კლდისა და ტალახის მასა ჩამოიშალა და 1 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ნეპალის არმიის ინფორმაციით, ლუ ჰაიტაო 225 მეტრის სიგრძის გვირაბიდან გამოიყვანეს, რომელიც ზემო ტრიშულის-1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ფარგლებში შენდებოდა.
ის მესამე ადამიანია, რომელიც ხელისუფლებამ სხვადასხვა გვირაბიდან ცოცხალი გამოიყვანა. მაშველები ვარაუდობენ, რომ 26 აგვისტოს, მდინარის სათავესთან მყინვარის ჩამოშლის შემდეგ გვირაბებში შესაძლოა დაახლოებით 900 ადამიანი იყოს ჩარჩენილი.
გუშინ მაშველებმა კიდევ ერთი გვირაბიდან, ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეს სხეულზე ხილული დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილური იყო, თუმცა მას მსუბუქი ჰიპოთერმიის ნიშნები ჰქონდა.
ნეპალის კატასტროფების მართვის უწყების ბოლო მონაცემებით, წყალდიდობას, რომელმაც ჩინეთის ტიბეტის საზღვართან მდებარე ქალაქებსა და სოფლებში სახლები, გზები და სკოლები წაიღო, სულ მცირე 1 344 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის , დაახლოებით 4 887 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, მათ შორის უცხო ქვეყნის 583 მოქალაქეა. დაკარგულთა შორის ბევრი მომლოცველი და მთამსვლელია.
იმედი
წყარო: imedinews.ge