
Reuters: ტენესიში სიკვდილით დასჯის მცდელობის შემდეგ კრისტა პაიკი უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული
ტენესიში ინიექციის გზით სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მსჯავრდებული კრისტა პაიკი მძიმე მდგომარეობაში, უგონოდ და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ინფორმაციას Reuters-ი პაიკის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადვოკატებმა გადაუდებელი შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს და ტენესის სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის პროცედურასთან დაკავშირებული მტკიცებულებების შენარჩუნების განკარგულება მოითხოვეს. მათი განცხადებით, საავადმყოფოს თანამშრომლები პაიკის სიცოცხლის გადარჩენას და მისი ორგანიზმიდან პენტობარბიტალის გამოდევნას ცდილობენ.
ადვოკატების ინფორმაციით, 50 წლის პაიკი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ინტუბირებულია და სუნთქვისთვის მექანიკურ ვენტილატორზეა მიერთებული. მას ორი დოზა პენტობარბიტალი ინტრავენურად აქვს მიღებული.
სასამართლოში შეტანილი დოკუმენტის თანახმად, ინტრავენური ხაზის დამონტაჟების წარუმატებელმა მცდელობამ პაიკის ორივე ხელი „შეშუპებული, დამწვარი და ბუშტუკებით დაფარული“ გახადა. ადვოკატების განცხადებით, სავარაუდოდ, ამის მიზეზი პენტობარბიტალის კანქვეშა ქსოვილებში გაჟონვა გახდა. ეს პრეპარატი ქსოვილების ძლიერი დამაზიანებელი ნივთიერებაა.
ადვოკატები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებს ადრინდელი გაფრთხილებების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პაიკის ექიმებმა წინასწარ გააფრთხილეს უწყება, რომ მსჯავრდებულს მცირე ზომის ვენები და სისხლის დაავადება - თრომბოციტოზი - ჰქონდა, რაც ინტრავენური ხაზის სწორად დამონტაჟებას განსაკუთრებით გაართულებდა.
„აღსრულების ჯგუფის არც ერთ წევრს არ გაუცნობიერებია, რომ ინტრავენური ხაზები სწორად არ იყო მოთავსებული, რომ ვენები დაზიანდა და რომ პენტობარბიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ქალბატონი პაიკის ორგანიზმში ხვდებოდა“, - აღნიშნულია ადვოკატების შუამდგომლობაში.
კრისტა პაიკი 30 წლის წინ პირველი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხებოდა 1995 წელს ტენესის უნივერსიტეტის ნოქსვილის კამპუსში 19 წლის კოლინ სლემერის წამებასა და მკვლელობაში მის მონაწილეობას. დანაშაულის ჩადენის დროს პაიკი 18 წლის იყო.
იმედი
წყარო: imedinews.ge