
რევაზ სოხაძე: ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვას მხოლოდ პასუხისმგებლობიანი კომპანიები შეძლებენ
სამშენებლო სექტორის გაჯანსაღება ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიდგომები მნიშვნელოვნად გამკაცრდა, ჩვენ უკომპრომისოები ვიქნებით როგორც ხარისხთან, ასევე პროექტების დროულად განხორციელების კუთხით, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრის შეფასებისას.
მინისტრის თქმით, მთავრობამ ბიზნესთან თანამშრომლობით გადადგა ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს პროცესის გაჯანსაღებას და კონკურენტული გარემოს შექმნას.
რევაზ სოხაძემ განმარტა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ფასების ინდექსაცია, რაც გულისხმობს პროექტების ღირებულების გადახედვას და ბიზნესის დაცვას გაუთვალისწინებელი რყევებისგან. ასევე გათვალისწინებულია ზედნადები ხარჯების ზრდა მინიმუმ 14%-ით, სხვადასხვა სამუშაოზე განსხვავებული მაჩვენებლებით. შესყიდვების კანონში ცვლილებების შედეგად მცირე მეწარმეებს მიეცათ გაერთიანების შესაძლებლობა, რაც ბაზარს უფრო გახსნის და კონკურენციას გააძლიერებს. გარდა ამისა, განხორციელდა საერთაშორისო ტენდერების გახსნა საგზაო ინფრასტრუქტურის
მიმართულებით, რაც სექტორის განვითარებასა და ინვესტორების დაინტერესებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
„ფასების ინდექსაცია არ ნიშნავს მხოლოდ ფასის მატებას - ეს არის გადახედვა. თუ სტრატეგიულ პროდუქტზე, მაგალითად ბიტუმზე, ფასი უცბად მოიმატებს, სახელმწიფოს მხრიდან ინდექსაცია ნიშნავს, რომ ბიზნესს კრიზისში არ ჩავაგდებთ. ხოლო როდესაც ფასი კლებულობს, სახელმწიფო ანალოგიურად იღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაოს შესრულებისას სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი მაქსიმალურად გაძლიერდება.
„ჩვენ ვითხოვთ ხარისხიანად აშენებულ სკოლებს, ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს. სახელმწიფო დაკვეთის მიღებისას არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ შეძლებს მანიპულაციას. მოთხოვნა იქნება ისეთივე, როგორც კერძო დამკვეთს ექნებოდა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

