
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄
„ჰარი პოტერის“ ვარსკვლავი რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება. ის ამ პერსონაჟს უკვე ზრდასრულ ასაკში ნიუ-იორკში დადგმულ პიესაში ითამაშებს.
გრინტი ფილმებში რონის როლზე 11 წლის ასაკში დაამტკიცეს. ახლა ის 38 წლისაა და მომავალი წლის თებერვლიდან, 4 თვის განმავლობაში, ბროდვეიზე სპექტაკლის „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის“ სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდება.
„ძველ მანტიებს მტვერს ვწმენდ. ნიუ-იორკო, თებერვალში შევხვდებით“, - დაწერა გრინტმა სოციალურ ქსელში.
გრინტი ორიგინალი ფილმების მეორე მსახიობია, რომელიც პიესაში ითამაშებს. მანამდე დრაკო მალფოის როლს ტომ ფელტონი დაუბრუნდა, რომელიც თავის პერსონაჟს სცენაზე ახლაც აცოცხლებს, თუმცა ფელტონი და გრინტი ბროდვეიზე ერთად არ გამოჩნდებიან, რადგან ფელტონი პიესაში 3 იანვრამდე ითამაშებს, გრინტი კი დასს 2 თებერვლიდან შეუერთდება.
ჯეი კეი როულინგის მიერ დაწერილი პიესის მოვლენები წიგნებისა და ფილმების პერსონაჟების ისტორიას აგრძელებს. მოვლენები მასში ბოლო წიგნიდან 19 წლის შემდეგ ვითარდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge