
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ პაპიძე მარიამ მეყანწიშვილის შეურაცხყოფისთვის სამართალდამრღვევად ცნო
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ავთანდილ პაპიძე მარიამ მეყანწიშვილის შეურაცხყოფისთვის სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. საქმე მოსამართლე ნინო ონიანმა განიხილა.
სასამართლომ საქმე შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე განიხილა. დეპარტამენტმა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე შეადგინა.
„აღნიშნული პიროვნება საქართველოში არ იმყოფება, დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, თუმცა მან გამოხატა სურვილი და ჩაერთო დისტანციურად პროცესს, დააფიქსირა პოზიცია და მისი განმარტებით მათ აქამდე ჰქონიათ კომუნიკაცია და მსგავსი შეურაცხყოფა ჰქონდა მარიამ მეყანწიშვილს მიყენებული მისთვის, რის გამოც მოხდა აღნიშნული ფაქტი, თუმცა მოიხადა ბოდიში და ინანიებდა აღნიშნულ ქმედებას.
ასევე განმარტა, რომ სხვა დროს მსგავს ქმედებას აღარ ჩაიდენს და ინანიებს, რომ ქალბატონს მიაყენა შეურაცხყოფა. სასამართლომ დაადგინა სამართალდარღვევის ფაქტი. რაც შეეხება სახდელის სახეს, სასამართლომ აღნიშნული პიროვნება სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა გაათავისუფლა სახდელისგან და მის მიმართ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა“, - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა სალომე ქირიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge