
რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიული სარეკრეაციო სივრცის პროექტირებას იწყებს.
ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. პროექტირება სამ ეტაპად განხორციელდება, რომელთაგან ძირითადი საპროექტო სამუშაოები I და II ეტაპებზე შესრულდება, ხოლო III ეტაპი მშენებლობის პროცესში საავტორო ზედამხედველობას ითვალისწინებს.
რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტი უნდა მოიცავდეს საბავშვო და სპორტულ ზონებს, კალათბურთის მოედანს, განახლებულ სკეიტ-პარკს, ტბის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურასა და დასასვენებელ სივრცეებს.
უნდა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს საფესტივალო სივრცეები, დაიგეგმოს ამფითეატრის რეაბილიტაცია, გაკეთდეს ველოსიპედის, სარბენი და საფეხმავლო ბილიკების ქსელი, ტბაზე და კუნძულზე გადასასვლელი ხიდები, განვითარდეს დამატებითი სატრანსპორტო კავშირები და დაიწყოს ნიჩბოსნობის სკოლის მიმდებარედ ახალი ნავმისადგომის მშენებლობა.
გარდა ამისა, განახლებულ პარკში უნდა იყოს კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, მათ შორის ღია სცენები, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსთავის ციხე-სიმაგრის სარეკრეაციო ზონასთან ინტეგრაციასა და არქეოლოგიური სივრცის წარმოჩენას. ამასთან, რუსთავის ცენტრალური პარკის განახლებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი უნიკალური ისტორიული და კულტურული იდენტობა, აუცილებელია ამის შენარჩუნება და წარმოჩენა.
პროექტის მიხედვით, ასევე უნდა განახლდეს უსაფრთხოების, განათების, სარწყავი და სადრენაჟე სისტემები. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების სეპარაციას, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, ეკომასალების დანერგვასა და ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეული სახეობებით გამწვანებას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge