
რუსთავში ნოიმიუნსტერის სასწავლო ცენტრის დელეგაცია იმყოფებოდა
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, სოციალური პედაგოგიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გერმანელ ექსპერტებს შეხვდნენ და რუსთავში ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
გერმანულ დელეგაციას ქალაქ ნოიმიუნსტერის სასწავლო ცენტრის (Elly-Heuss-Klapp-Schule ) ხელმძღვანელი რომან შპაუკი და დარგის სხვა სპეციალისტები წარმოადგენდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ შშმ პირების საჭიროებებზე მორგებულ სერვისებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
„განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჩვენი თანაქალაქელებისთვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზება, მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამ მიმართულებით, არაერთ პროექტს ვახორციელებთ. ძალიან მალე, ჩვენი სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის „კესანეს" აღსაზრდელებისთვის, ახალი, თანამედროვე შენობის მშენებლობას დავიწყებთ. დღეს გვქონდა საინტერესო შეხვედრა გერმანელ სპეციალისტებთან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და დარგის ექსპერტების რეკომენდაციები, მნიშვნელოვანია და იმ სერვისების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება, რომლებსაც რუსთაველებს ვთავაზობთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
შეხვედრას რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი „კესანეს" დირექტორი ეკა ნოზაძეც ესწრებოდა.
ნოიმიუნსტერის სასწავლო ცენტრის საქმიანობის მიზანი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტებისა და აღმზრდელების გადამზადებაა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა რუსთავის ციფრული განვითარების ცენტრი დაათვალიერეს და პროფესიულ კოლეჯ „მოდუსშიც“ იმყოფებოდნენ.
