
საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის შესახებ კანონი იმ საბაბით, რომ ის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს
საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის შესახებ კანონი იმ საბაბით, რომ ის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
საკანონმდებლო ინიციატივას ფრანგმა კანონმდებლებმა მხარი ივლისში დაუჭირეს, რის შედეგადაც საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც ახალგაზრდებს პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდა - მას შემდეგ, რაც ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სოციალური მედიის მავნე ზემოქმედების გამო შეშფოთება გაიზარდა.
საკონსტიტუციო საბჭოს პარასკევის გადაწყვეტილებამ გააუქმა აკრძალვა, რომლის ეტაპობრივად ამოქმედებასაც სექტემბრიდან ემანუელ მაკრონი გეგმავდა.
ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა და პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს დაუყოვნებლივ დაავალა ახალი კანონპროექტის მომზადება, რომელიც საბჭოს მიერ გამოთქმულ ყველა შენიშვნას გაითვალისწინებს.
საკონსტიტუციო საბჭოს განცხადებით, დადგინდა, რომ საკანონმდებლო აქტის 1-ლი მუხლი „წარმოადგენს ჩარევას 15 წლამდე ასაკის პირთა გამოხატვისა და კომუნიკაციის თავისუფლებაში, რაც არც გამართლებული, არც აუცილებელი და არც თანაზომიერი არ არის“.
გადაწყვეტილებაში ასევე გამოითქვა შეშფოთება კანონის იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ონლაინ სერვისებზე წვდომისთვის ასაკის დადასტურებას ითვალისწინებდა და აღინიშნა, რომ მან ვერ უზრუნველყო „აუცილებელი სამართლებრივი გარანტიების“ დადგენა.
თავდაპირველი კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო, რომ სექტემბრიდან 15 წლამდე ასაკის ვერცერთი მოზარდი ვერ შეძლებდა ახალი ანგარიშის გახსნას, ხოლო ყველა ახალ ანგარიშზე ასაკის დამოწმება გახდებოდა სავალდებულო. იანვრიდან კი ეს წესი უკვე არსებულ ყველა ანგარიშზეც გავრცელდებოდა.
ოპონენტები არაერთხელ აყენებდნენ ეჭვქვეშ კანონის განხორციელებადობას და გამოთქვამდნენ შეშფოთებას კონფიდენციალურობის, ასაკის გადამოწმების ინსტრუმენტების ეფექტიანობის, ახალგაზრდების მიერ ამ შეზღუდვების გვერდის ავლით გამოწვეული რისკებისა და იმისა გამო, თუ რამდენად სწრაფად შემუშავდა და ამოქმედდა ეს აკრძალვა.
იმედი
წყარო: imedinews.ge