
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 21-27 ივნისს ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა და მასთან არსებულ MIFA ბაზრობაზე საქანიმას, სახელმწიფო პროგრამასთან „გადაიღე საქართველოში” და „შემოქმედებით საქართველოსთან ერთად ქართული ანიმაციის ეროვნულ სტენდს წარმოადგენს
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 21-27 ივნისს ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა და მასთან არსებულ MIFA ბაზრობაზე საქანიმას, სახელმწიფო პროგრამასთან “გადაიღე საქართველოში” და “შემოქმედებით საქართველოსთან" ერთად ქართული ანიმაციის ეროვნულ სტენდს წარმოადგენს. ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 5 პროექტია წარდგენილი.
ანესის ფესტივალზე წარმომადგენლობითი მონაწილეობა კიდევ ერთხელ აღნიშნავს ქართული ანიმაციის მზარდ საერთაშორისო აღიარებასა და რეგიონული ანიმაციური ინდუსტრიის დინამიურ განვითარებას.
ფესტივალზე წარდგენილ ქართულ პროექტებს შორისაა “ბიჭუნა და კარალიოკის ხე” (ლინა აქულაშვილი). თოჯინური მოკლემეტრაჟიანი ფილმი “როცა ზღვა იყო მშვიდი” მონაწილეობას იღებს მთავარ კონკურსში; სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტი “იგი”, რომელიც განვითარების სტადიაში მყოფი პროექტების პრეზენტაციის სექციაში შეირჩა; კომერციული ფილმების საკონკურსო სექციაში მოხვდა დიზაინის და ანიმაციის სკოლა DAS-ის მიერ შექმნილი სარეკლამო ნამუშევარი; სტუდენტური პროექტი “როგორ დავიჭიროთ ქარიშხალი” კი ანიმაციური სკოლების პროექტების პრეზენტაციის სექციაში იქნება წარმოდგენილი. როგორც რეჟისორმა მამუკა ტყეშელაშვილმა (,,როცა ზღვა იყო მშვიდი") აღნიშნა, უკვე გაიმართა მისი ფილმის რამდენიმე ჩვენება, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. “მაყურებელმა განსაკუთრებული ემოციებით მიიღო ფილმი, დაგვისვეს უამრავი კითხვა. ფილმმა დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და, რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა, ჩვენებებს ახალგაზრდების დიდი რაოდენობა ესწრებოდა”,-აღნიშნა რეჟისორმა. ანიმატორმა ლინა აქულაშვილმა (“ბიჭუნა და კარალიოკის ხე”) 2025 წლის ნოემბერში მონაწილეობა მიიღო საქანიმას მიერ ორგანიზებულ შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმაციური პროექტების განვითარების პროგრამაში, რის შემდეგაც მოხდა მისი პროექტის წარდგენა ანიმაციის ფესტივალზე. “ჩემი ფილმი ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებულია. ამისთვის დიდი მადლობა კინოცენტრს. ფესტივალის კინობაზრობაზე საქართველო წარმოდგენილია ეროვნული სტენდით, სადაც ჩვენ გვაქვს საშუალება საერთაშორისო კონტაქტები დავამყაროთ და გავაფართოვოთ პროფესიული თანამშრომლობა”,-განაცხადა ლინა აქულაშვილმა.
