
საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის ივლისის თვის შედეგები
ივლისში საპენსიო ფონდის პორტფელების შედეგები, ძირითადად, აზია-წყნარი ოკეანისა და განვითარებადი ქვეყნების სააქციო ბაზრებზე დაფიქსირებულმა კლებამ განსაზღვრა, რაც ხელოვნური ინტელექტის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების უკუგებასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ და ტექნოლოგიური აქციებიდან სხვა სექტორებისკენ როტაციამ გამოიწვია, - ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აშშ დოლართან მიმართებით ლარის 0.71%-იანი გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების შემოსავლიანობა დამატებით შეამცირა, თუმცა აღნიშნული კლება ადგილობრივი ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების სტაბილურმა შედეგმა დააბალანსა.
„შედეგად, ივლისში ყველაზე მაღალი, 0.36%-იანი ზრდა კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა, რაც ამ პორტფელში ადგილობრივი ინსტრუმენტების უფრო მაღალი წილით აიხსნება. ამავე პერიოდში დაბალანსებული პორტფელი 0.27%-ით, ხოლო დინამიკური პორტფელი 1.03%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ივლისში დაფიქსირებული 0.45%-იანი თვიური დეფლაციის გათვალისწინებით, კონსერვატიული და დაბალანსებული პორტფელების რეალურმა თვიურმა შემოსავლიანობამ, შესაბამისად, 0.81% და 0.17% შეადგინა, ხოლო დინამიკური პორტფელის შემთხვევაში -0.58%.
ივლისის შედეგის მიუხედავად, სამივე პორტფელი წლის დასაწყისიდან დღემდე მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს, დინამიკური პორტფელი კი ლიდერობას აგრძელებს:
🔹 დინამიკური – 7.45% (რეალური მომგებიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 3.45%) 🔹 დაბალანსებული – 7.18% (რეალური: 3.20%) 🔹 კონსერვატიული – 6.79% (რეალური: 2.82%)
დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან მიღებული შემოსავლიანობითაც ლიდერობს და მისი გაწლიურებული ამონაგები 14.03%-ს (რეალური: 9.79%) შეადგენს. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 12.98% (რეალური: 8.78%) და 10.28%-ია (რეალური: 4.40%).
ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, მათ შორის ჯამური მოგება 2.9 მილიარდი ლარია.
ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს.
სრული ყოველთვიური საინვესტიციო ანგარიშების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge