
შალვა პაპუაშვილი: 9 მაისი დარჩება 9 მაისად. რადგან, ეს დღე ჩვენია - ჩვენ ვიომეთ, ჩვენ ვღვარეთ სისხლი, ვიომეთ ისტორიის გამარჯვებულ მხარეს და ვამაყობთ იმით, თუ ვინ ვიყავით, სად ვიდექით და რა გავაკეთეთ
9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა. რვა ათეულ წელს გადასცდა, რაც ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს და ვიხსენებთ ჩვენს მამებს, პაპებს და დიდ პაპებს - იმ თაობას, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა და აოხრებისგან გადაარჩინა სამშობლო”, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დიდია ქართველების წვლილი მსოფლიოს უდიდეს ომში. ბრძოლის ველზე წასული ასობით ათასი ქართველისგან ნახევარი შინ ვერ დაბრუნდა.
მისი თქმით, საბჭოთა წარსული არის ჩვენი საერთო წარსული. ის ვერ შეიცვლება. ის იყო ისეთი, როგორიც იყო - ავით და კარგით, მსხვერპლით და სიხარულით, რეპრესიებით და ეროვნული თვითშეგნების აღზევებით.
„ვიღებ ხელში კალამს, გაძლევ კეთილ სალამს.. იყავი ბედნიერად შენი შვილებით, შენი შვილიშვილით, მარგალიტ..“, - 9 მაისამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, ფრონტიდან, ჩემი დიდი პაპის მოწერილი ეს წერილი, ბოლო აღმოჩნდა.
ამ ერთ წინადადებაშია ომის მთელი ტრაგედია - სიყვარული, იმედი და სიკვდილის წინაშე მდგარი ადამიანის სიმშვიდე.
9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა. რვა ათეულ წელს გადასცდა, რაც ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს და ვიხსენებთ ჩვენს მამებს, პაპებს და დიდ პაპებს - იმ თაობას, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა და აოხრებისგან გადაარჩინა სამშობლო.
დიდია ქართველების წვლილი მსოფლიოს უდიდეს ომში. ბრძოლის ველზე წასული ასობით ათასი ქართველისგან ნახევარი შინ ვერ დაბრუნდა. საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ ჰყავდეს ამ ომში დაღუპული.
დიდი სამამულო ომი დარჩა ჩვენს მეხსიერებაში, აისახა ხელოვნებაში, ლიტერატურაში, ფილმებში, რომლებიც აცოცხლებენ ამ საშინელი ომის ეპოქას, სულისკვეთებას და მსხვერპლს. ეს მეხსიერება იქცა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად.
