
შალვა პაპუაშვილი „კორძის“ კონცერტზე: როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის, ფული აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს - ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევას
როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევას, - განაცხადა ბელგიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მუსიკოს „კორძის“ კონცერტზე დასმული კითხვის პასუხად.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი და სხვა დონორი ორგანიზაციები, ვისი ფულიც იხარჯება კონცერტში, ამ ღონისძიებას ღიად უნდა გაემიჯნონ.
„როდესაც ერთი მხრივ არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური გემოვნების ნიშნით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აგინებს, როდესაც ამ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ორგანიზაცია „გორის კულტურული ცენტრი“, რომელიც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მონებს უწოდებს და როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აქ აღარ ვიცი რა კვლევა და ანალიზია საჭირო. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტილება. ასე რომ ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების ან გაემიჯნება ამ ქცევას, რომელიც არის ექსტრემიზმი. ეს არის ფაშიზმი. როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს შემოსაზღვრავ და მათ მონებს უწოდებ, ანუ უწოდებ უუფლებო არსებებს, ამბობ, რომ ესენი არ არიან ადამიანები - სწორედ ეს არის მთავარი დატვირთვა ამ ტერმინის და ამაში შენ, როგორც ევროკავშირი თანხობრივად ჩარეული ხარ, რა ღირებულებებზე უნდა ვისაუბროთ. ასეთი ევროპა იყო 100 წლის წინ. ან 100 წლის წინანდელი ევროპის ღირებულების მატარებელია ის, ვინც აფინანსებს ფაშისტური სლოგანების და იდეოლოგიის ავტორებს ან გაემიჯნებიან ამ ღონისძიებას და ამ ადამიანებს. ასე რომ ჩვენ ველით პასუხს და ქმედებებს ევროკავშირის თუ დონორი ორგანიზაციებისგან, რომლებიც ჩართული არიან ამ ღონისძიებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვები, იზიარებენ თუ არა, მომღერალ „კორძის“ მიერ ქართველების გინებაზე პასუხისმგებლობას. წერილები „ქრონიკამ“ ევროკავშირის საელჩოს, დანიის კულტურის ინსტიტუტსა და ხელოვნების სახლს გაუგზავნა. საქმე ეხება სექტემბრის ბოლოს დაანონსებულ „კორძის“ კონცერტს, მუსიკოსის, რომელმაც მილიონზე მეტ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა.
იმედი
წყარო: imedinews.ge