
შალვა პაპუაშვილი: თავისუფალი ქვეყანა გულისხმობს ქვეყანას, რომელიც თავის თავს მართავს, სუვერენულია ანუ თავისუფალია. ჩვენ ამ თავისუფლებას მივაღწიეთ, მათ შორის გარე ჩარევის შეზღუდვის და წითელი ხაზების გავლების გზით. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ეს 14 წელი, რომ ჩვენ რეალურ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მივაღწიეთ ამ 14 წლის განმავლობაში
ის, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ნახეს, არის ის, რომ შეიძლება, ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე და არ არის ჩამოკიდებული სხვა ქვეყნების ინტერესებზე, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წლის განმავლობაში საქართველო იყო იარაღი სხვის ხელში და 2012 წლის შემდეგ საქართველო ამ რთული მდგომარეობიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვიდა.
„სააკაშვილის დიქტატურის 9 წელი იყო არამხოლოდ დიქტატურის სისხლიანი 9 წელი, არამედ ეს იყო 9 წელი პროქსისახელმწიფოდ ყოფნისა, როდესაც ქართული სახელმწიფო იყო, ფაქტობრივად, იარაღი სხვის ხელში. დამოკიდებულება, რომელიც შემდეგ მოვისმინეთ, რომ თუ გვეტყვიან, ცალ ფეხზეც უნდა დავდგეთო - აი, ასეთი ცალ ფეხზე მდგომი ხელისუფლება გვყავდა 9 წლის განმავლობაში 2012 წლამდე. 2012 წლიდან კი აი, ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლით, ნაბიჯ-ნაბიჯ, სახელმწიფომ სრულად დაიბრუნა სუვერენიტეტი, რომელიც ჩვენ 35 წლის წინ სისხლით მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ილაპარაკა სუვერენიტეტის კუთხით იმ შედეგებზე, რომელიც დღეს აქვს საქართველოს.
„ამ შედეგებს, სადაც დღეს ვართ, დასჭრიდა დრო, იმდენად შეჩვეული იყო ზოგიერთი უცხო ხელისუფლება, ზოგიერთი უცხო ორგანიზაცია, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაფერში ჩარეული უნდა ყოფილიყო.
როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გავხდი, მეც კი მახსოვს გაკვირვება ზოგ შემთხვევაში, რომ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი თავს უფლებას აძლევდა, პარლამენტის საქმიანობის ისეთ დეტალებში ჩაღრმავებულიყო, რომლებიც არ ეკითხება არცერთი ქვეყნის ელჩს. წარმომიდგენია, ჩვენი ელჩი რომ მისულიყო იმ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საკანონმდებლო თუ საპარლამენტო რეგულაციებთან დაკავშირებით კითხვები დაესვა, რა პასუხით გამოისტუმრებდნენ ჩვენს ელჩს იმ ქვეყნის პარლამენტის დერეფნებიდან.
ასე რომ, ეს იყო პროცესი, რომელზეც ჩვენ დრო დაგვჭირდა, რათა საბოლოოდ მივსულიყავით იმ წერტილამდე, რასაც ჰქვია სუვერენიტეტი. სუვერენიტეტი სახელმწიფოსთან დაკავშირებით ითარგმნება თავისუფლებად. თავისუფალი ქვეყანა გულისხმობს ქვეყანას, რომელიც თავის თავს მართავს, სუვერენულია ანუ თავისუფალია და ჩვენ ამ თავისუფლებას მივაღწიეთ, მათ შორის გარე ჩარევის შეზღუდვის და წითელი ხაზების გავლების გზით. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ეს 14 წელი, რომ ჩვენ რეალურ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას მივაღწიეთ ამ 14 წლის განმავლობაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ გუშინდელ თარიღთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის წერილი საზოგადოებას არ უნახავს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს მუდმივი კავშირი პოლიტიკურ გუნდთან.
„ასე რომ, რაიმე ინსინუაციების აწყობა იმასთან დაკავშირებით, პოსტი დაიდო თუ არა, უბრალოდ, არასერიოზულია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge