
შსს: გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, ხოლო სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დღის პირველ ნახევარში შემოვიდა.
პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია მყისიერად განხორციელდა.
ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დევდორაკში დამონტაჟებულ ადრეული გაფრთხილების სისტემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
იმედი
წყარო: imedinews.ge