
სურსათის ეროვნული სააგენტო: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, - განცხადესბას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა გეგმის შესაბამისად, ორი მიმართულებით მიმდინარეობს და მოიცავს როგორც მიუსაფარი, ასევე პატრონიანი ძაღლებისთვის ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას. პროგრამის ფარგლებში, მიუსაფარ/მიკედლებულ ძაღლებს უტარდებათ სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური კვლევები, ხოლო პატრონიანი ძაღლების შემთხვევაში გათვალისწინებულია ძუ ძაღლების სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია (მიკროჩიპების გამოყენებით) და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.
ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შემუშავების პროცესში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური მოწვევით, ჩართული იყო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული ექსპერტი, რომელსაც 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს ცხოველთა კეთილდღეობისა და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის სფეროში. იგი არის ICAM-ის (International Companion Animal Management Coalition) მმართველი საბჭოს წევრი, FAO-სა და TAIEX-ის ექსპერტი, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს RSPCA-ის საერთაშორისო პროგრამებს ევროპისა და კავკასიის რეგიონში. პროგრამა მისი რეკომენდაციებით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს შესაბამისობას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან.
ამავდროულად, პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია შესაბამისი პლატფორმა - ფეისბუკ გვერდი , რომელზეც ინფორმაციები მუდმივ რეჟიმში ახლდება, მათ შორის, ქვეყნდება ძაღლების აყვანისა და ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ვიდეომასალა, განრიგი, თარიღი და ლოკაციები.

