
თამარ იოსელიანი: ჩვენ ვინარჩუნებთ შუა დერეფანში კონკურენტუნარიანი, ეფექტიანი და სანდო პარტნიორის პოზიციებს
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ნავსადგურებში საოპერაციო ეფექტიანობის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ქვეყნის ნავსადგურებმა უფრო მსხვილტონაჟიანი გემების მიღება შეძლეს.
„საერთო ტვირთამწეობის თვალსაზრისით, დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს. ეს ხელს უწყობს როგორც პორტების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, ისე ეფექტიანობის ზრდას. ამ კუთხით, აღსანიშნავია კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. შესაბამისად, ეს არის ნათელი და წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმართებოდეს საჯარო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც საზღვაო ადმინისტრაციამ, ისე საპორტო ოპერატორებმა.
„მუდმივად ღრმავდება, როგორც ნავსადგურის აკვატორია, ასევე შესაბამისი არხი და რა თქმა უნდა, საოპერაციო ნაწილი ბიუროკრატიისგან დაცლილია. თუ აქამდე გემების მოცდენის დრო 24 საათი იყო, ახლა ის მინიმუმამდე, ერთ საათამდეა დაყვანილი. ამაში ნამდვილად გვიწყობს ხელს დანერგილი სისტემები, კერძოდ, „ერთი ფანჯრის“ პრინციპი. ეს კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ შუა დერეფანში კონკურენტუნარიანი, ეფექტიანი და სანდო პარტნიორის პოზიციებს“, - განაცხადა იოსელიანმა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტასტისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის 6 თვეში საქართველოს პორტებში მიღებული გემების ჯამური ტვირთამწეობა (გროს ტონაჟი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 10.7 მილიონს მიაღწია.
2026 წლის სამ თვეში ტვირთამწეობის ზრდამ ტონებში 4.4% შეადგინა. ამასთანავე, გაიზარდა პორტების მიერ დამუშავებული ტვირთების მოცულობაც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პორტები არსებული ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტიან გამოყენებასა და ოპერაციების პროდუქტიულობის ზრდას წარმატებით ახორციელებენ.

