
თამთა ქიმბარიშვილი: სამი კვირის განმავლობაში, რასაც ვამონიტორინგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით იკლო სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში, თუმცა წინ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია
სამი კვირის განმავლობაში, რასაც ვამონიტორინგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით იკლო სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში, თუმცა წინ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია, - განუცხადა „იმედის კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელმა თამთა ქიმბარიშვილმა.
მისი თქმით, სამმართველო მაქსიმალურად ცდილობს თითოეული საქმის დაიდენტიფიცირებას, გამოვლენას და შემდგომში ამ ყველაფრის შეფასებას - გაკეთებული განცხადებები ჯდება თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში.
„თუ, რა თქმა უნდა, სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, შემდეგ უკვე დგება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და იგზავნება საერთო სასამართლოში.
სამართალდარღვევის საქმეები ეხება როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პოლიტიკური პარტიების სხვადასხვა წევრებს, იქნებიან ესენი ოპოზიციური პარტიის წევრები თუ პირიქით. შესაბამისად, ის მოსაზრება, რაც თავიდან ჰქონდა საზოგადოებას, რომ სამმართველო იმუშავებდა რაღაც კონკრეტული მიმართულებით, კონკრეტულ პირთა წრეზე იქნებოდა გათვლილი, იმთავითვე იყო მცდარი, რაც ვფიქრობ, ამ ჩვენი სამკვირიანი მუშაობით დადასტურდა“, - აღნიშნა თამთა ქიმბარიშვილმა.
მან განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებითაც, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მოქალაქეებიც მიმართავენ, თუმცა მიმართვის გარეშეც, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს მასზე რეაგირება და სასამართლოს მიმართოს.
„მაგალითისთვის, ეს იქნება წვრილმანი ხულიგნობა, 166-ე მუხლი თუ 173-ე მუხლი და 173-ე მუხლის მე-16 პრიმა მუხლი, არცერთი ამ მუხლის დეფინიცია და დისპოზიცია არ არის იმგვარად ფორმულირებული, რომ ამ ყოველივეს სჭირდებოდეს კონკრეტული ფიზიკური პირის, ე.წ. დაზარალებულის მომართვა განცხადების საფუძველზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წვრილმანი ხულიგნობის შესახებ ჩანაწერი ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში არსებობდა. აგრეთვე, არსებობდა 173-ე მუხლის დისპოზიციაც. შესაბამისად, იმ მუხლებთან დაკავშირებით, რაზედაც ვახდენთ რეაგირებას, ძალიან მრავალფეროვანი სასამართლო პრაქტიკაა“, - აღნიშნა მან.
თამთა ქიმბარიშვილის განცხადებითვე, მას შემდეგ, რაც სამმართველომ მუშაობა დაიყო, სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში იკლო.
„ამ სამი კვირის განმავლობაში, რასაც ვამონიტორინგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით იკლო სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში, თუმცა წინ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია. ჯარიმა იწყება 500 ლარიდან და გვაქვს 3 ათას ლარამდე ოდენობით. თუ, მაგალითად პირს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, მაშინ უკვე ფულადი სანქციები იწყება 2 ათასი ლარიდან და 6 ათას ლარამდე მერყეობს. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მცირე ოდენობის სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივია ეს სახდელი თავისთავში გულისხმობს მსუსხავი ეფექტის მოხდენასაც“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge