
თავდასხმა მედიაზე - ევროპარლამენტმა „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა
მედიის თავისუფლების შეზღუდვა - ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.
დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, „იმედი”, „რუსთავი ორი“ და „პოსტივი“ ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი.
ტელეკომპანია „იმედი“ დაინტერესდა მათი მოტივაციითა და არგუმენტებით.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს. მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და მოლდოვას რესპუბლიკაში „უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის“ შესაბამისად.
აკრედიტაციის პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ, თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა.
პატივისცემით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში.
ტელეკომპანია „იმედმა“ მიმართა ევროპის საბჭოსაც, აპირებს თუ არა საკითხის შესწავლას და მიიჩნევს თუ არა, რომ მოლდოვის ეს ნაბიჯი არის დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე თავდასხმა და მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, თუმცა, ამ დრომდე ევროპის საბჭოსგან შესაბამისი პასუხი არ მიგვიღია.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის თანახმადაც, არხს ერთი წლის განმავლობაში ევროპის პარლამენტში საქმიანობა ეკრძალება. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება დაეფუძნა „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟს და რასა იუკნევიჩიანესთან გასაუბრების მცდელობას. ასევე, სავარაუდოდ მეორე ფაქტი ეხება მარკეტა გრეგოროვას მოთხოვნას, რომელიც ევროპის პარლამენტში ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის ყოფნამ გააღიზიანა.
22 აპრილს მიღებული ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ „იმედმა“ წერილობით მიმართა შესაბამის სამსახურს თხოვნით, რომ დამატებით განემარტათ, თუ როგორი წესები ჰქონდათ მათ, რას არღვევდნენ „იმედის“ ჟურნალისტები, თუმცა ამასთან დაკავშირებით განმარტება ტელეკომპანიას არ მიუღია. წერილი „იმედმა“ მიიღო მხოლოდ დღეს და ისიც აკრძალვასთან დაკავშირებით.
„შესაბამისად, ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა, თუ კონკრეტულად რა ქმედება ჩაითვალა წესებთან შეუსაბამოდ და რა კონკრეტული სტანდარტის დაცვა იყო საჭირო მოცემულ ვითარებაში.
ამ გარემოების გათვალისწინებით, გვინდა გამოვხატოთ შეშფოთება მიღებული გადაწყვეტილების პროპორციულობასთან დაკავშირებით. ერთწლიანი შეზღუდვა წარმოადგენს განსაკუთრებით მკაცრ ზომას, რომელიც არსებითად გავლენას ახდენს მედიის შესაძლებლობაზე, გააშუქოს ევროპარლამენტის საქმიანობა. მიგვაჩნია, რომ მსგავს შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროპორციულობის პრინციპის დაცვას, მათ შორის იმ გარემოების გათვალისწინებას, რომ 22 აპრილის გაფრთხილების შემდეგ ჩვენ თავად მოვითხოვეთ დამატებითი განმარტებები. როგორც მედია ორგანიზაცია, ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების ფუნქციას. ევროპარლამენტის საქმიანობის გაშუქება წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს, ხოლო ჟურნალისტებისთვის წვდომის ხანგრძლივი შეზღუდვა გავლენას ახდენს არამხოლოდ კონკრეტული მედიის საქმიანობაზე, არამედ საზოგადოების შესაძლებლობაზე, დროულად და სრულყოფილად მიიღოს ინფორმაცია ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის შესახებ“, - აღნიშნულია „იმედის“ წერილში.
დეტალები სოფო ბერიძის ჩართვაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge