
თეა წულუკიანი გოტა ჭანტურიას: გადაცემაში გვყოლია ადამიანი, რომელიც პიროვნულადაა გამწარებული - თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ სახელმწიფო რა არის. თქვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო საქართველოს ბედი
გადაცემაში გვყოლია ადამიანი, რომელიც პიროვნულადაა გამწარებული. თანაგიგრძნობთ, ნახევარი მილიონი ლარი რომ გაქვთ გადასახდელი ახალგაზრდა კაცს, რა თქმა უნდა, გამწარებული იქნებით და პირადსა და სახელმწიფოებრივს შორის რაღაცები გექნებათ არეული, - ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელს, გოტა ჭანტურიას.
„თითქმის, ნახევარი მილიონი ლარით ვარ დაჯარიმებული იმისთვის, რომ თქვენ წინააღმდეგ აქციებში ვიღებდი მონაწილეობას, - განაცხადა გოტა ჭანტურიამ. „ამით დაგეწყოთ, რომ გამწარებული ყოფილხართ, რომ ნახევარი მილიონი ლარი გაქვთ გადასახდელი და ამიტომ გაქვთ არეული ბევრი პირადი და სახელმწიფოებრივი", - მიმართა მას წულუკიანმა.
პარლამენტის ვიცე სპიკერის შეფასებით, ჭანტურიასთვის საერთოდ არ არის საინტერესო საქართველოს ბედი და მას არ აქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბროს.
„იმ სისტემას რა ვუთხარი მე, რომელმაც ოდესღაც პედაგოგობის უფლება მოგცათ! თქვენ ხართ სამარცხვინო ადამიანი, რომელიც ბავშვთან არ უნდა მიუშვა. თქვენ ხართ საშიში, არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ იმ ბავშვებისთვის, ვისთანაც გიმუშავიათ. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ სახელმწიფო რა არის. თქვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო საქართველოს ბედი. ასეთი ადამიანი აქ მოვიდა და წუწუნებს, რომ ჯარიმა აქვს გადასახდელი. ამისთვის მოხვედით და ბედავთ იმ კაცზე საუბარს, რომელმაც თავისი მილიარდები, თავისი ოჯახის კეთილდღეობა დათმო და თუ ებრძოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ გემახსოვრებათ, მის მეუღლეს მოუწია გამოსვლა ინტერვიუთი უმძიმეს მომენტში, რომ ჩემს ქმარს თუ მოკლავთ, მე აქ ვარ ცოცხალი და ბრძოლას გავაგრძელებო. აი, ეს თქვა ივანიშვილის მეუღლემ მაშინ, როდესაც ყველას დასასახიჩრებლად დაგვდევდნენ.
ამ კაცზე თქვენ ბედავთ ლაპარაკს, ხელების ქნევით და წუწუნებთ, ამ ეთერს იყენებთ იმისთვის, რომ ჯარიმა მაქვს გადასახდელიო. აქ რას მოდიოდით, ნანუკასთან წასულიყავით და გადაგიხდიდათ იმ ჯარიმას“, - განაცხადა წულუკიანმა გოტა ჭანტურიას მისამართით.
იმედი
წყარო: imedinews.ge