
თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველოში არ უნდა გაუმჯობესდეს არაფერი. თუ უმჯობესდება, შექმნან ის სიტუაცია და აღქმები, რომ უარესობისკენ მიდი საქმე
რაც უფრო გაუმჯობესდება მართვა სახელმწიფოში, რაც უფრო მეტი კოორდინაცია იქნება სახელმწიფო ორგანოებს შორის, ეს ოპოზიციას რატომღაც საკუთარ სისუსტედ მიაჩნია, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციას მიაჩნია, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი წარმატება, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, არის მათი კრახი. ოპოზიციის ტვინი არის მომართული ამ რევოლუციურ პროცესებზე და არ უშვებენ, რომ საქართველოში ნორმალურად განვითარდეს მოვლენები.
„ბევრჯერ განიმარტა რატომ გახდა ამ თანამდებობის შემოღება საჭირო, რომ მეტი კოორდინაცია იყოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის, დაგეგმვის მეტი საშუალებები იყოს, ინფორმაციის, ანალიზის და ურთიერთშეჯერების მეტი საშუალება იყოს და ამის კოორდინაცია მოახდინოს ამ ახალი თანამდებობის პირმა, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერის რანგში იქნება და საკმაოდ წონადი ფიგურა იქნება.
არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით კოორდინაციაზეა ლაპარაკი, თანამშრომლობა იმ ორგანოებთან, რომლებიც არიან აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებს გარეთ. ასეთი ერთიანი დაგეგმარების პროცესში კიდევ უფრო გაადვილდება სწორი გადაწყვეტილებების მიღება სახელმწიფოში.
ოპოზიციის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველოში არ უნდა გაუმჯობესდეს არაფერი. თუ უმჯობესდება, შექმნან ის სიტუაცია და აღქმები, რომ უარესობისკენ მიდი საქმე. მათ უცხოელი პატრონებისგან აკრძალული აქვთ ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილების მოწონება. სპორტის საკითხებზეც კი არ სიამოვნებთ საქართველოს წარმატება“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
