
თენგიზ შარმანაშვილი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: სარისკო არაფერია თვითონ იდეაში. საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული რა ტიპის ორგანიზაცია შეუძლია შექმნას საქართველოს მოქალაქემ და როდის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ მისი არსებობა
რა თქმა უნდა, სარისკო არაფერია თვითონ იდეაში, ეს ასე უნდათ რომ წარმოაჩინონ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა სახალხო მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, წამყვანმა მას ჰკითხა, „საქართველოში ღირებულებების და ტრადიციების დაცვის მიზნით სახალხო მოძრაობის დაფუძნება აღმოჩნდა საკმაოდ რეზონანსული. კრიტიკის და შეურაცხყოფის ახალი ტალღაც მოჰყვა. თქვენი შეფასებით, რა არის ამ ინიციატივაში როგორც მისასალმებელი, ასევე სარისკო და საფრთხის შემცველი, რადგან მოსაზრებები სწორედ ამ ნიშნით დაიყო, რომ დაცვის იდეა შესაძლოა იყოს მისაღები, მაგრამ ის უნდა გამორიცხავდეს ძალადობას და ანგარიშსწორებას“.
შარმანაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული რა ტიპის ორგანიზაცია შეუძლია შექმნას საქართველოს მოქალაქემ და როდის შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ მისი არსებობა.
„ეს ნათლად არის განმარტებული შემდგომ კანონმდებლობაშიც. ასე, რომ სარისკო არ შეიძლება იყოს. აქამდე არავის გამოუთქვამს [მოსაზრება], რომ სარისკოა რომელიმე ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცებს გაუჩნდათ ის შინაგანი გრძნობა, რომ მხოლოდ ისინი არიან მონოპოლისტები, ვისაც შეუძლიათ შექმნან ასეთი ტიპის ორგანიზაციები და ისიც, როგორც წესი, მათი დიდი ნაწილი უცხოეთის დაფინანსებაზეა დამოკიდებული. უცხოური გავლენის წარმომადგენლები არიან აქ, საქართველოში. ასე, რომ მისასალმებელია ეს ყველაფერი“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და ისინი ეროვნულ ინტერესებს ყოველგვარი ძალადობის გარეშე დაიცავენ.
