
The New York Times: ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებით, ზელენსკიმ პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაშორა პოტენციური მეტოქე, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო
დრონების ომის პოპულარიზაციისკენ მიმართული თავდადებული ძალისხმევით, უკრაინის თავდაცვის ახალგაზრდა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა თავადაც ფართო აღიარება მოიპოვა - პოლიტიკური ანალიტიკოსებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებით, შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა მისი გადაყენება, როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს სამხედრო მეთაურთან დაპირისპირებისას მის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებით, ზელენსკიმ პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაშორა პოტენციური მეტოქე, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. გათავისუფლება შეუსაბამო დროს დაემთხვა - ზუსტად მაშინ, როდესაც დრონების ომმა უკრაინის სასარგებლოდ შეცვალა ვითარება.
ეს გადაწყვეტილება ასევე მიანიშნებს ზელენსკის სკეპტიციზმზე ფედოროვის ხედვის მიმართ, რომლის თანახმადაც, ქვეყნის სამხედრო სტრატეგიის მომავალი ფაქტობრივად სრულად დრონებზე უნდა აშენებულიყო.
ფედოროვის გათავისუფლებას წინ უძღოდა მისი გადაწყვეტილება, დრონების სასარგებლოდ შეეჩერებინა საარტილერიო საბრძოლო მასალების შესყიდვა. უკრაინის სამხედრო ძალების მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკი კატეგორიულად მოითხოვდა ამ რესურსის შენარჩუნებას, რადგან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე მძიმე სანგრების ომისთვის.
„დრონების პოპულარობა თავად არის პრობლემა“, - აცხადებს ოპოზიციური პარტია „ჰოლოსის“ დეპუტატი, მიკოლა დავიდიუკი, რაც, მისი თქმით, ფედოროვის გადაყენების მთავარი მიზეზი გახდა.
დავიდიუკის შეფასებით, ფედოროვი ზელენსკისთვის „პრობლემად და საფრთხედ“ იქცა, რადგან ის უკრაინის არმიის სრულიად ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას ქადაგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უმაღლესი სამხედრო სარდლობა, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი საომარი მოქმედებების წარმართვაზე.
პოლიტიკური კუთხით, ფედოროვის გათავისუფლება იმ ტენდენციაში ჯდება, რომლის მიხედვითაც ზელენსკი ომის პერიოდში პოტენციურ მეტოქეებს ასპარეზიდან ჩამოაშორებს ხოლმე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათგან არავის, მათ შორის არც ფედოროვს, საჯაროდ პოლიტიკური ამბიციები არასდროს გაუცხადებია.
დავიდიუკის თქმით, პოლიტიკურმა მრჩევლებმა დაარწმუნეს ზელენსკი, რომ ფედოროვმა დრონების პროგრამის მეშვეობით საზოგადოების ყურადღება მიისაკუთრა.
ზელენსკიმ ფედოროვი თანამდებობიდან ისე გაათავისუფლა, რომ ამ ნაბიჯმა საზოგადოებაში დაბნეულობა და უკმაყოფილება გამოიწვია. შედეგად, ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და მისი თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ ომის საქმესაც შეუქმნა საფრთხე, რადგან დააზიანა ის მჭიდრო კავშირები, რომლებიც ფედოროვმა სამხედრო სარდლობასა და დრონების მწარმოებელ ინდუსტრიას შორის დაამყარა.
იმედი
წყარო: imedinews.ge