
The New York Times: პენტაგონმა ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში 50-მდე თანამშრომელი სიცრუის დეტექტორზე შეამოსწმა
ამერიკელმა გამომძიებლებმა უპრეცედენტო ნაბიჯს მიმართეს და ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაახლოებით 50 წევრი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით პოლიგრაფზე შეამოწმეს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
საუბარია, მათ შორის, ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ირანთან ომმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალის დეფიციტი შექმნა. ამის შესახებ გამოცემას გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.
როგორც The New York Times-ი წერს, გამომძიებლებმა გაერთიანებული შტაბის სამხედრო ოფიცრებსა და სამოქალაქო თანამშრომლებს ჰკითხეს, გაუმხილეს თუ არა საიდუმლო ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს და მიაწოდეს თუ არა მათ ინფორმაცია აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ.
პოლიგრაფის ტესტები აგვისტოში ჩატარდა, მას შემდეგ, რაც არაერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა მასალა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალის, მათ შორის შორი მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და Patriot-ის სისტემების ჩამომგდები რაკეტების მარაგების შემცირების შესახებ.
გამოძიების შესახებ ინფორმირებულ პირთა თქმით, ეს ძალის დემონსტრირება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ინფორმაციის შესაძლო გამავრცელებლების გამოვლენას, არამედ იმ ადამიანების დაშინებასაც, რომლებიც მომავალში მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებას ისურვებენ.
გაერთიანებულ შტაბში 1 500-დან 2 000-მდე ოფიცერი და მაღალჩინოსანი მუშაობს. უწყება მსოფლიოს მასშტაბით საბრძოლო სარდლობებთან ოპერაციებს, პოლიტიკასა და საომარ გეგმებს კოორდინაციას უწევს.
პენტაგონის პრესსპიკერმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი „შიდა საკადრო ან საგამოძიებო საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერი გაჟონვის ფაქტს უკიდურესად სერიოზულად ეკიდება და შესაბამის გამოძიებას ატარებს“.
„საიდუმლო ინფორმაციის დაცვა უმნიშვნელოვანესია შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით განთავსებული ჩვენი სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - დასძინა მან.
The New York Times-ის ცნობით, გამოძიების მასშტაბს თანამედროვე ისტორიაში ანალოგი არ აქვს. აშშ-ის სამხედრო ძალების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებისთვის მსგავსი მასობრივი შემოწმება სიცრუის დეტექტორზე თანამედროვე ისტორიაში არასდროს ჩაუტარებიათ.
„არასდროს მინახავს, რომ პოლიგრაფი ასეთი მასშტაბით ან ასეთი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოეყენებინათ“, - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილმა მთავარმა სამხედრო იურისტმა, გადამდგარმა კონტრადმირალმა დონალდ ჯ. გუტერმა, რომელიც ამ თანამდებობას 2000-2002 წლებში იკავებდა.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეამცირა ირანთან ომმა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგები. მედიამ ასევე გააშუქა ადმინისტრაციაში არსებული შეშფოთება კონფლიქტის სტრატეგიულ მიმართულებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაავალა ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაეწყოთ. თუმცა პრეზიდენტი მხოლოდ არასანქცირებული ინფორმაციის გავრცელების შეჩერებით არ შემოიფარგლა. მან „ღალატად“ შეაფასა მედიის მიერ იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელშიც ირანში მიმდინარე ომის მართვა და საბრძოლო მასალის დეფიციტი, ასევე აშშ-ის ხელისუფლება არის გაკრიტიკებული.
ინფორმაციის გაჟონვის ფაქტებმა პენტაგონში ღრმა უნდობლობისა და პარანოიის ატმოსფერო კიდევ უფრო გაამძაფრა. მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების თქმით, ამ გარემოს ჩამოყალიბებას ხელს უწყობდა თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტიც, წერს გამოცემა.
ლოიალისტების ვიწრო წრით გარშემორტყმულმა ჰეგსეტმა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სულ მცირე 80 გენერლის, ადმირალისა და სხვა მაღალჩინოსნის დაწინაურება შეაფერხა ან მათ თანამდებობები დაატოვებინა.
იმედი
წყარო: imedinews.ge