
The Wall Street Journal: აშშ-ის დაზვერვა გერმანიის აეროპორტში აღმოჩენილ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ დრონს რუსეთს უკავშირებს
აშშ-ის დაზვერვის ანგარიშების შესახებ ინფორმირებული ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ამ კვირაში გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი, სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობას ეკუთვნის, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
დრონი სამშაბათს ღამით აღმოაჩინეს აღმოსავლეთ გერმანიაში, ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტის ასაფრენ ზოლზე, უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავთან ახლოს მდებარე დაცულ ტერიტორიაზე, რის გამოც აეროპორტმა მუშაობა მთელი ღამით შეაჩერა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ინციდენტი „საფრთხის ახალ დონეს“ წარმოადგენს და სავარაუდო დამნაშავედ მაღალტექნოლოგიურ უცხოურ სუბიექტზე მიუთითა.
რუსეთის სავარაუდო კავშირი ამ ინციდენტთან იმ ფონზე გამოიკვეთა, როდესაც ამერიკულმა დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგისთვის სულ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
აშშ-ის დაზვერვის ახალ ანგარიშებზე დაყრდნობით, The Wall Street Journal-ი იტყობინება, რომ პუტინმა, შესაძლოა, უახლოეს წლებში ალიანსის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაზე შეზღუდული თავდასხმით ნატოს სიმტკიცე გამოსცადოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge