
The Wall Street Journal: აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინმა შესაძლოა უახლოეს წლებში ნატოს ერთიანობის გამოცდა შეზღუდული სამხედრო მოქმედებით სცადოს
აშშ-ის დაზვერვის ახალი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა უახლოეს წლებში ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის წინააღმდეგ შეზღუდული მასშტაბის თავდასხმა განახორციელოს, რათა ალიანსის ერთიანობა და რეაგირების უნარი გამოცადოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკულ დაზვერვაში განიხილება რამდენიმე შესაძლო სცენარი - კიბერშეტევიდან და არაიდენტიფიცირებული შეიარაღებული ჯგუფების გამოყენებიდან, ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შეზღუდულ სახმელეთო შეჭრამდე.
ამ შეფასებებს თან ახლავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: აშშ-ის სამხედრო არსენალში გარკვეული კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღების მარაგების შემცირება. ოფიციალური პირების თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებამ და ირანთან კონფლიქტმა მნიშვნელოვნად შეამცირა იმ იარაღის მარაგები, რომლებიც ვაშინგტონს რუსეთთან ან ჩინეთთან შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში დასჭირდებოდა.
საუბარია მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების Precision Strike Missile (PrSM)-ებზე, Army Tactical Missile System (ATACMS)-ებზე, ასევე Stinger-ის ტიპის საზენიტო რაკეტებზე.
მანამდე აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებამდე პუტინი ნატოს წევრ ქვეყანასთან პირდაპირ კონფლიქტს თავს აარიდებდა. თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ეს შეფასება მიმდინარე წლის დასაწყისში შეიცვალა, წერს გამოცემა.
ამერიკელების განმარტებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო მდგომარეობის გაუარესებამ და ქვეყნის შიგნით გამარჯვების მიღწევის მზარდმა პოლიტიკურმა წნეხმა პუტინი შესაძლოა უფრო სარისკო ნაბიჯებისკენ უბიძგოს. უკრაინული დრონები სულ უფრო დიდ ზიანს აყენებენ როგორც რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას, ისე ნავთობის სექტორს, მაშინ როდესაც ფრონტზე რუსული ძალების წინსვლა შენელებულია და დიდი დანაკარგებით მიმდინარეობს.
როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, აშშ-ისა და ევროპის ლიდერები უკვე ხედავენ ნიშნებს, რომ მოსკოვი ნატოს რეაგირების გამოცდას ცდილობს. მაგალითად, რუსეთის ფრთოსანი რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ხოლო რუსული უპილოტო აპარატები რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.
ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ნატოზე შესაძლო თავდასხმის მთავარი მიზანი ალიანსის შიგნით უთანხმოების გაჩენა და მისი ერთიანობის შერყევა იქნება.
იმედი
წყარო: imedinews.ge