
თორნიკე ჭეიშვილი: სწორედ ჩვენი სამართალდამცველები, საამაყო პოლიციელები იყვნენ, რომლებიც არაერთხელ წინ აღუდგნენ ქვეყანაში სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, რევოლუციების მოწყობას. ამ ფონზე ახლა სამიზნეში ჰყავთ ამოღებული სწორედაც სამართალდამცველები
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე „დღის ქრონიკაში“ „ტვ პირველის“ ეთერში გუშინ გასულ ანონსს გამოეხმაურა, რომელიც 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტს ეხებოდა.
თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მედიასაშუალება მიზანმიმართულად შეეცადა, რომ საზოგადოებაში გარკვეული მცდარი აღქმის ტირაჟირება მომხდარიყო, კერძოდ, რომ მსგავსი ტიპის ძალადობა ქვეყანაში დამკვიდრებული სტანდარტია. მისივე განმარტებით, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და მიზნად ისახავს სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას.
„სწორედ ჩვენი სამართალდამცველები, საამაყო პოლიციელები იყვნენ ის ფაქტორი, რომლებიც არაერთხელ წინ აღუდგნენ ამ ქვეყანაში სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, რევოლუციების მოწყობას, თუნდაც ბოლო შემთხვევები რომ გავიხსენოთ - 2025 წლის 4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა; 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განვითარებული მოვლენები, ჩვენი სამართალდამცველების ძალიან ეფექტიანი მოქმედების შედეგად, რომლის სტანდარტი, საერთო ჯამში, მართლაც უფრო მაღალი იყო და არის, ვიდრე ეს თუნდაც, არაერთ ევროპულ სახელმწიფოში შეიძლება ვიხილოთ და შევადაროთ. გვინახავს, იქ როგორ ხდება შეკრება-მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ პოლიციის მხრიდან ერთგვარი ანგარიშსწორება. ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს. ამ ფონზე ახლა სამიზნეში ჰყავთ ამოღებული სწორედაც ჩვენი სამართალდამცველები და ცდილობენ, რეპუტაციული ზიანი მიაყენონ სისტემას“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, მსგავს ძალადობრივ ქმედებებსა და გადაცდომაზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მყისიერია.
„ყოველგვარი ნარატივი იმასთან მიმართებით, რომ თითქოს, ამას რაღაც სისტემატური ხასიათი აქვს, არის სიცრუე“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.
როგორც ცნობილია, პოლიციელების მიერ მოქალაქეებს ცემის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემის ანონსს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს და სამივე პოლიციელი დაკავებულია.
ანონსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც.
იმედი
წყარო: imedinews.ge