
ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს მთავარი გარემოება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში საუბარი არ არის რაიმე არსებით კანონდარღვევაზე, ფინანსური სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე ან სხვა სახის გადაცდომაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ცესკოს საქმიანობის კანონიერებას და კეთილსინდისიერებას, - ვკითხულობთ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცესკო-ში აცხადებენ, რომ, ამის მიუხედავად, დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ.
„საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიმართ გავრცელებულ არაზუსტ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, საჭიროდ მივიჩნევთ, დეტალურად განვმარტოთ ცესკოს მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს მთავარი გარემოება - გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი არ არის რაიმე არსებით კანონდარღვევაზე, ფინანსური სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე ან სხვა სახის გადაცდომაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ცესკოს საქმიანობის კანონიერებას და კეთილსინდისიერებას. ყველა საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ახსნა-განმარტება უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი შესრულების პროცესშია და ატვირთულია აუდიტის სამსახურის შესაბამის ონლაინ პლატფორმაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით ეკიდება აუდიტის თითოეულ რეკომენდაციას და მუდმივად მუშაობს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებაზე.
ამის მიუხედავად დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. ცდილობენ საკითხის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს გარკვეული პროცესები, მათ შორის შესყიდვების პროცესში ბაზრის კვლევა, თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, საწვავის ლიმიტების განსაზღვრა არ ხორციელდებოდა და დანამატები უსაფუძვლოდ და გადაჭარბებულად იქნა გაცემული.
