
ვახტანგ ლომჯარია: ძალიან ბევრი პარკი შეიქმნა ბოლო პერიოდში და ძალიან დიდი ეფექტი და მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისთვის ამ მწვანე სივრცეებს
გარდა იმისა, რომ პარკებში შეიძლება ვეწეოდეთ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, ამას მნიშვნელობა აქვს მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს რეკრეაციული სივრცეები იქმნება მთელი თბილისის მასშტაბით და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
მისივე თქმით, სხვა თემებთან ერთად, ამ საკითხზეც იქნება საუბარი პანელურ დისკუსიაზე, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის ფარგლებში შედგება.
„თბილისის ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ ძალიან დიდი პარკები იქმნება, ძალიან ბევრი პარკი შეიქმნა ბოლო პერიოდში. ჩვენ, რა თქმა უნდა გვინდა ამ მიმართულებით საუბარი, რა არ მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. მნიშვნელოვანია ვაცნობიერებდეთ იმას, რომ გარდა იმისა, რომ პარკებში შეიძლება ვეწეოდეთ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, ამას მნიშვნელობა აქვს მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც. მშენებლები, დეველოპერები, რა თქმა უნდა ძალიან დიდ სარგებელს ნახულობენ თავიანთი ობიექტებით, რომლებიც სწორედ პარკების ირგვლივ არის განვითარებული. ძალიან დიდი ეფექტი და მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისთვის მწვანე სივრცეებს, რომელსაც თბილისის ხელისუფლება, მთელი რიგი საქალაქო სამსახურები და გამგეობები გეგმავენ. იგივე თემქის ხევი - ადრე თუ ჭაობი იყო და ქვემოთ სწევდა საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებს, ახლა შეტრიალებული ეფექტი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პარკები იქმნება არა მარტო ცენტრში, არამედ გარეუბნებშიც და ხელმისაწვდომია თბილისის მთელი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ლომჯარიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge