
ვაკის რაიონში მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა.
ამ დროისთვის 180 პროექტი დასრულებულია, 86 კი - რეაბილიტაციის პროცესშია.
კერძოდ, სხვა სამუშაოებთან ერთად, ამხანაგობების მომართვის საფუძველზე, დაფინანსდა ლიფტის 110 სარეაბილიტაციო პროექტი, სახურავის და წყალსაწრეტი მილების 58 პროექტი, საერთო სარგებლობის კიბის 9 პროექტი. გარდა ამისა, კორპუსების სართულშუა ნაპრალების 10 პროექტი, სადარბაზოების კარების 52 პროექტი, ასევე წყლისა და წყალარინების შიდა ქსელების 23 პროექტი დაფინანსდა.
მიმდინარე და დასრულებული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 9 231 000 ლარი გამოიყო.
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge