
ვალერი ზალუჟნი: არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთმა ომი წააგო
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ამჟამად დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ გამოცემა The Telegraph-თვის სტატია დაწერა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ადამიანებმა, არ უნდა იფიქრონ, რომ რუსეთმა ომი წააგო.
როგორც ზალუჟნის სტატიაშია აღნიშნულია, დასავლელი ანალიტიკოსების მზარდი ნაწილი ახლა მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომი ფაქტობრივად უკვე წააგო. მათი არგუმენტია უკრაინის წარმატებული დარტყმები ლოგისტიკურ ობიექტებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები და რუსეთის სამხედრო პოზიციების თანდათანობითი შესუსტება, რაც, მათი შეფასებით, კონფლიქტის დასასრულის მოახლოებაზე მიუთითებს.
„ეს ომის სახიფათო არასწორი შეფასებაა“, - წერს ზალუჟნი.
ასეთი მიდგომა ასახავს ცალკეული ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებების მიხედვით აღქმის ტენდენციას და არა ფართო სტრატეგიული სურათის გათვალისწინებას.
თანამედროვე ომი უკვე აღარ ანიჭებს ტაქტიკურ გამარჯვებებს იმ მნიშვნელობას, რაც მათ ადრე ჰქონდათ. დრონების ტექნოლოგიების, ზუსტი დარტყმის შესაძლებლობებისა და სადაზვერვო სისტემების განვითარებამ ბრძოლის ველი რადიკალურად შეცვალა და ორივე მხარისთვის გადამწყვეტი გარღვევის მიღწევა უკიდურესად გაართულა, აღნიშნულია სტატიაში.
„ეს აღარ არის სწრაფი მანევრების ომი. ეს არის გამოფიტვის ომი“, - აღნიშნავს უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდალი.
ახლა ყოველი ტაქტიკური წარმატება განსაკუთრებულ ფასად მიიღწევა. შესაძლებელია პოზიციების დაკავება, თუმცა მათი შენარჩუნება, გაძლიერება და დაჭრილების ევაკუაცია მუდმივი დრონული მეთვალყურეობის პირობებში სულ უფრო რთული ხდება. ბრძოლის ველზე წარმატება უკვე კილომეტრებით კი არა, მეტრებით იზომება და ხშირად მისი ფასი სტრატეგიულ მნიშვნელობას არ შეესაბამება.
„თუ საზომად ავიღებთ იმას, მიაღწია თუ არა კრემლმა თავდაპირველ პოლიტიკურ მიზნებს, პასუხი აშკარაა - არა. თუმცა მარცხი მხოლოდ თავდაპირველი ამბიციების შეუსრულებლობას არ ნიშნავს. რუსეთი კვლავ აგრძელებს ბრძოლას, აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს და არ აჩვენებს მზადყოფნას, დაასრულოს ომი ისეთი პირობებით, რაც დამარცხების აღიარებას გაუტოლდებოდა“, - ვკითხულობთ სტატიაში.
