
ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
ზესტაფონში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მომზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონში 500 მაყურებლისთვის გათვალისწინებული მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ხელშეკრულება გააფორმა.
პროექტის ფარგლებში მომზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
კომპლექსში გათვალისწინებული იქნება მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის განკუთვნილი დარბაზები და სატრენაჟორო სივრცე, ფეხბურთისა და რაგბის სავარჯიშო მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს პარკინგის, ბილიკების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების გაკეთებას, ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობას.
სპორტულ კომპლექსში დაგეგმილია ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ის, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, სხვადასხვა ორთაბრძოლის, ფარიკაობისა და ძალოსნობისთვის განკუთვნილი სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურის პარალელურად, მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი სფეროების განვითარებაც. მოეწყობა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული წრეების, უცხო ენების შესწავლისა და STEM-კლუბისთვის განკუთვნილი სივრცეები, ასევე მედიათეკა და სხვა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ზონები.
ზესტაფონისთვის მომზადებული პროექტი ტიპური იქნება და შემდგომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე მორგების საფუძველზე, მრავალფუნქციური კომპლექსებისთვის იქნება გამოყენებული. ხელშეკრულება, ძირითადი პროექტის გარდა, დამატებით 5 ადგილას მის ადაპტირებასაც ითვალისწინებს.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში თანამედროვე სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge