
ზურაბ პატარაძე ჩირუხის მთაზე ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „შუამთობას“ დაესწრო
შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.
ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ანზორ ბოლქვაძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ, ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იაგო დავითაძემ მიულოცეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მთაში ასწლეულების მანძილზე შემონახული ტრადიციებისა და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობაზე. ზურაბ პატარაძემ ასევე ხაზი გაუსვა მაღალმთიანი აჭარის გაძლიერების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ რეგიონის განვითარებისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ახალი პროექტების განხორციელებას.
„ჩირუხს და მთას სჭირდება გაძლიერება და ჩვენ პირობას ვდებთ, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა მაღალმთიან აჭარას, ისევე, როგორც ექვსივე მუნიციპალიტეტს. ჩვენ ვხედავთ წარმატებულ პროექტებს, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება და მოჰყვება ახალი ინიციატივების რეალიზებაც”- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მთავრობის პრიორიტეტია მთაში თითოეული ადამიანისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ახალგაზრდების ხელშეწყობა და რეგიონის კიდევ უფრო გაძლიერება.
დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩირუხის მთაზე ზიპლაინის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა, რომელიც ხელს უწყობს ჩირუხის მთის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენას და ვიზიტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
შუამთობის ფარგლებში გაიმართა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები; მოეწყო საბავშვო და სპორტული სივრცეები, კვების ზონები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და სადღესასწაულო დეკორაციები.
ღონისძიება გაგრძელდა საკონცერტო პროგრამით, რომელშიც ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მოწვეული ბენდები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ. საკონცერტო ნაწილის პარალელურად გაიმართა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობასა და ბაგირის გადაწევაში. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
შუამთობას ჩირუხში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge