
ზვიად შალამბერიძე: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის. ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამახვან ჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული. ასეთი შემოსავალი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მომავალში განვახორციელებთ
ძალიან საინტერესო ქეისია „ნამახვანის“ ირგვლივ რაც განვითარდა 2019-2021 წლებში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.
მისივე თქმით, თავიდან ეს ყველაფერი დაიწყო იმ ადამიანების გულითადი პროტესტით, რომლებსაც ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუ რა კეთდებოდა.
„მე იმ წლებში ვიყავი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი მასში. მაშინვე გაჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირი გაგებით მიეკედლნენ ამ ადამიანებს და ამოეფარნენ უკან. ეს იყო „მწვანე ალტერნატივა“, „მთის ამბები“ და სხვები, რომელთაც დაიწყეს პროცესების მართვა. პირდაპირ დაატრენინგეს ეს ადამიანები, როგორ უნდა წარემართათ პროცესი, აქციები, მათ ჩვეულებრივი ბუკლეტები დაურიგეს ამ ადამიანებს, სადაც თანმიმდევრულად ეწერა, რის მერე რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ, ეხატა კიდევაც.
ეს იყო ცალსახად შეჩერება პროცესის, რომ არ განხორციელებულიყო „ნამახვან ჰესის“ მშენებლობა. როგორც კი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთნენ პროცესში, პლაკატებზე წარწერებიც კი შეიცვალა. აქციებზე ჩამოდიოდნენ მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც რეალურად აფინანსებდნენ კიდევაც მთელ პროცესს.
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის. ჩვენ ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამახვან ჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული. ასეთი შემოსავალი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენ ამას განვახორციელებთ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განმარტა, რომ ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.
იმედი
წყარო: imedinews.ge