
ყარაბაღში ორი ეკლესია დაანგრიეს - ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ სატელიტური ფოტოებით ადასტურებს - Netgazeti
ყარაბაღის უდიდეს ქალაქ ხანკენდში (ყოფილი სტეპანაკერტი) აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორი ქრისტიანული ეკლესია დაანგრია, მათ შორის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება, რომელმაც ფაქტი 26 აპრილით დათარიღებული მაღალი გარჩევადობის, აქამდე გამოუქვეყნებელი სატელიტური ფოტოებით დაადასტურა.
გამოცემის ცნობით, ახალ სურათებზე ჩანს, რომ ტაძართან ერთად მთლიანად არის დანგრეული მის მიმდებარედ არსებული სამრევლო სახლიც.
ტაძრის განადგურების შესახებ ცნობები სომხურ მედიაში აპრილის შუა რიცხვებში გავრცელდა.
ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მშენებლობა ქალაქში 2006 წელს დაიწყო. ტაძარი ქალაქის მთავარი სალოცავი ადგილი იყო. გარდა ამისა, 2020-იან წლებში აზერბაიჯანულ ძალებთან კონფლიქტების დროს მისი სარდაფი ბომბსაფრად გამოიყენებოდა.
სატელიტური მასალებით ასევე დადასტურდა, რომ საკათედრო ტაძართან ერთად დაანგრიეს წმინდა იაკობის ეკლესიაც.
ამ ეკლესიის მშენებლობა 2007 წელს დასრულდა. პროექტი სომეხ-ამერიკელმა ქველმოქმედმა ნერსეს ეფრიმიანმა დააფინანსა გარდაცვლილი შვილის ხსოვნის პატივსაცემად.
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ 23 აპრილს აზერბაიჯანი დაადანაშაულა „სომხური ქრისტიანული სიწმინდეების განზრახ განადგურებაში, რათა წაიშალოს სომხური კვალი მთიან ყარაბაღში“.
აზერბაიჯანის პასუხი
22 აპრილს აზერბაიჯანის პარლამენტის წევრმა ელნარა აკიმოვამ აზერბაიჯანულ სამსახურთან საუბარში განაცხადა, რომ ეკლესიების ნგრევის შესახებ ცნობები „რევანშისტული ძალების პროვოკაციაა“, რომლის მიზანიც ბაქოს იმიჯისთვის ზიანის მიყენებაა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში საკუთარ ტერიტორიაზე რელიგიურ და ისტორიულ ძეგლებს იცავს და არასდროს ჰქონია რაიმე რელიგიური მემკვიდრეობის განადგურების განზრახვა.
“რადიო თავისუფლების” ცნობითვე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოცემის კითხვაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციითვე, მის მიერ აღმოჩენილი ინსტაგრამ-პოსტის მიხედვით, 2026 წლის თებერვლის დასაწყისში საკათედრო ტაძარი უკვე ღობით იყო შემოსაზღვრული. საარქივო სატელიტური ფოტოები მიუთითებს, რომ შენობა აპრილის დასაწყისში დაანგრიეს.
2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციების შემდეგ, რეგიონზე ბაქომ სრული კონტროლი აღადგინა. ამ მოვლენების ფონზე ყარაბაღი და მიმდებარე ტერიტორიები ასი ათასზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა.
ახალი ცნობები ქრისტიანული ძეგლების განადგურების შესახებ სომხეთში საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკურ დავად იქცა. კრიტიკოსები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებენ, რომ ვითარებაზე სათანადო რეაგირება ვერ მოახდინა.
ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობა საკითხთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაზე მუშაობს, თუმცა მსგავს შემთხვევებში „სიფრთხილისკენ“ მოუწოდა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge