მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო - Netgazeti
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო - Netgazeti

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო - Netgazeti

ნეტგაზეთი5 მაისი, 2026, 08:38|netgazeti.ge

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით, 14-ის წინააღმდეგ, მიიღო რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ.

ყოველწლიური ანგარიში, რომელზეც ევროპარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს, წარმოადგენს ევროპარლამენტის პასუხს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშებზე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების შესახებ. ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი აფასებს საქართველოს პროგრესს კომისიის 2025 წლის ანგარიშის საფუძველზე და მიიღებს რეზოლუციას, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს შესახებ.

საკითხზე მომხსენებელია ლიეტუველი ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“ რასა იუკნევიჩიენე.

„ჩანს, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხალხი და სრულიად განსხვავებული შეხედულებების მქონე პროევროპული პოლიტიკური ჯგუფები დაერწმუნებინა იმაში, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება ევროკავშირის კანდიდატობის არცერთ კრიტერიუმს აღარ აკმაყოფილებს“, — განაცხადა იუკნევიჩიენემ კომიტეტის სხდომაზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოზე კრიტიკული ანგარიშის მიღება ხდება ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანებისა და სომხეთ-ევროკავშირის სამიტების პარალელურად.

„ვფიქრობ, ყველა პროევროპელი ქართველი მოხარულია, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება იმის გამო, რომ თბილისი ამ პროცესებს მიღმაა. ამ დროისთვის. მე მჯერა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივის“, — დასძინა იუკნევიჩიენემ.

ახალი ანგარიში იმეორებს ევროპარლამენტის პოზიციას, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და გმობს სრული ავტორიტარიზმისკენ „ქართული ოცნების“ ტრაექტორიის გაძლიერებას.

ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას, პოლიტიკურ რეპრესიებს, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების შევიწროებას, შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას ოპოზიციური ხმების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას, სამართალდამცავების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებს მომიტინგეებისა და დაკავებულების მხრიდან.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის შემდგომი ჩართულობა საქართველოსთან მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფლების მიერ ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კურსის შეცვლაზე.

ანგარიში ასევე მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ და აღნიშნავს, რომ ასეთი პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან.

ანგარიშით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მიიღონ კოორდინირებული შემზღუდავი ზომები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, ოფიციალური პირისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ. ეს მოიცავს სანქციების სიების გაფართოებას, აქტივების ყოვლისმომცველ გაყინვას და სავიზო აკრძალვებს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფოს მიტაცებაზე, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაზე. ანგარიში მოითხოვს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების წინააღმდეგ.

ანგარიში სინანულით აღნიშნავს, რომ საქართველო კვლავ არაა თანხვედრაში რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობასთან და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს თანამშრომლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ტერიტორიის ან ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება ევროკავშირის შემზღუდავი ზომებისთვის გვერდის ავლის მიზნით;

ხაზს უსვამს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ „ქართული ოცნება“ ახორციელებს სტრატეგიულ შემობრუნებას ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ;

კიდევ ერთხელ უმკაცრესად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას და უწყვეტ „ბორდერიზაციის“ პროცესს.

საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის პროექტში შევიდა შესწორება პროპაგანდისტული „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“ ევროკავშირის ინსტიტუტებში აკრედიტაციის შესაძლო გაუქმებისა და სანქცირების მოთხოვნით. ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი პირების სანქცირებას.

„ევროპარლამენტი მკაცრად გმობს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული მედიასაშუალებების, მათ შორის ტელეკომპანიების — „იმედის“, „პოსტივისა“ და „რუსთავი 2“-ის როლს ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატების წინააღმდეგ სისტემატური დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის კამპანიებისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში; აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადახედონ მსგავსი მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიჰყვნენ გაერთიანებული სამეფოს მაგალითს და მიიღონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში.

ითხოვს ევროკავშირის სანქციების სიაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წევრების შეყვანას“, — ნათქვამია შესწორებაში.

კიდევ ერთი შესწორება ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეეხება. ის აღნიშნავს, რომ „ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს“.

„საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკურად გავლენიან მართლმსაჯულებასთან, არაფორმალურ ძალაუფლების სტრუქტურებთან და მმართველ პარტიაში არსებულ შიდა დაყოფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიში, რომელსაც საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა, პლენარულ სესიაზე კენჭისყრაზე ივნისში გავა.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიანგის ცრემლები – პაპუაშვილი 16 ქყვეყნის კრიტიკულ განცხადებაზე საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ

ნიანგის ცრემლები – პაპუაშვილი 16 ქყვეყნის კრიტიკულ განცხადებაზე საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ

ნეტგაზეთი

მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხს კვლავ ვაყენებთ – ბრიტანეთის და 15 ევროპული ქვეყნის განცხადება

მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხს კვლავ ვაყენებთ – ბრიტანეთის და 15 ევროპული ქვეყნის განცხადება

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი

“ცხრა თვეა ვცხოვრობთ მშვიდობაში”- ალიევის მესიჯები ერევნის ევროპულ სამიტზე

“ცხრა თვეა ვცხოვრობთ მშვიდობაში”- ალიევის მესიჯები ერევნის ევროპულ სამიტზე

ნეტგაზეთი